0
პირველი საჩივრები ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიაში
პირველი საჩივრები ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიაში
5/30/10
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 10-მდე საჩივარია შესული. ოთხი საჩივარი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა შეიტანეს. „საია“-ს დამკვირვებლებმა საჩივრები ქუთაისის №13, №89 და №102 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო შეიტანეს. საჩივრების უმეტესობა გადასატანი ყუთისთვის ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელი ბიულეტენებისა და კონვერტების გამოყენების ფაქტებს ეხება.
მაგალითად, №13 საარჩევნო უბნიდან, 09:10 საათზე გადასატანი ყუთისთვის განკუთვნილი ბიულეტენები და კონვერტები რეგისტრატორის ხელმოწერისა და ბეჭდების გარეშე გავიდა. „საია“-ს დამკვირვებლის ნათია ბასილაძის განცხადებით, გადასატანი ყუთის თანმხლების კომისიის წევრები 09:45 საათზე დაბრუნდნენ უბანში, რა დროსაც ყუთში უკვე 4 კონვერტი იყო მოთავსებული. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ბიულეტენებზე ხელმოწერებისა და კონვერტებზე ბეჭდების დასმა. ბასილაძის თქმით, აღნიშნული ფაქტით უხეშად დაირღვა საარჩევნო კოდექსი, რადგან ხმების დათვლის დროს არ იქნება დაცული 4 ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობა.
პირველი საჩივრის განხილვა ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
„20:00 საათამდე მოვასწრებთ ერთი საჩივრის განხილვას,“ - ამბობს №59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი. მისივე თქმით, ქუთაისში არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 46 280-მა ამომრჩეველმა გააკეთა, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28,63%-მა.
„ახალი გაზეთი“
Posted in: ინფორმაცია უბნებიდან | 0 Comments | Email This
Subscribe to:
Post Comments (RSS)
0 Responses to "პირველი საჩივრები ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიაში"
Post a Comment