0
თვითმმართველობის არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების ობიექტივში
თვითმმართველობის არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების ობიექტივში
5/16/10
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელევიზიო კლიპებმა მოსახლეობაში დაბნეულობა გამოიწვია. საქმე ის არის, რომ აღნიშნული კლიპებიდან გამომდინარე, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ეძლეოდა საარჩევნო პროცესებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესაძლებლობა. თუმცა, როგორც საბოლოოდ გაირკვა, დამკვირვებლად ცენტრალური საარჩევნო კომისია მხოლოდ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს არეგისტრირებს და არა - მოქალაქეებს. მოქალაქეებს აქვთ მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ მიმართონ ცესკოს მიერ რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაცებს მათ სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის შესახებ და შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში, მოიპოვონ დამკვირვებლის სტატუსი.
"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს "მოქალაქე ჟურნალისტების" მეშვეობით აპირებს. საქმე ის არის, რომ აღნიშნული ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა საარჩევნო დარღვევების შესახებ მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" ვებ-გვერდის მეშვეობით. აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ია ანთაძე აღნიშნავს, რომ მოქალაქეების მსგავსი ჩართულობა ხელს შეუწყობს არჩევნების გამჭვირვალობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
"სულ მცირე, ეს საშუალებას იძლევა, მეტი ინფორმაცია მივიღოთ არჩევნების მიმდინარეობის შესახებ და აქტიური მოქალაქეებისგან შევქმნათ "მოქალაქე ჟურნალისტის" ინსტიტუტი," - ამბობს ია ანთაძე.
2010 წლის 30 მაისის არჩევნებზე საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი რაოდენობა იქნება წარმოდგენილი. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის რეგისტრირებულია შვიდი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია: უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი (უსეც), ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ეროვნული სექცია, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი (OSCE/ODIHR), ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საერთაშორისო შრომის სოლიდარობის ამერიკის ცენტრი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა არჩევნებამდე კიდევ გაიზრდება. მათი რეგისტრაციის ვადა 28 მაისს იწურება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევისა და OSCE/ODIHR-ის შემფასებელი მისიის რეკომენდაციის საფუძველზე, OSCE/ODIHR-მა 2010 წლის 16 აპრილს არჩევნების სადამკვირვებლო მისია მოავლინა საქართველოში. მისია ამ დროისთვის 15-წევრიანი ძირითადი ჯგუფისა და 24 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც ეუთოს 22 წევრი ქვეყნიდან არიან მოწვეულნი, თუმცა არჩევნების დღეს, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესს ეუთოს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გაუწევს მეთვალყურეობას მთელი საქართველოს მასშტაბით.
7 მაისს, "ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა" საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 16 აპრილიდან 3 მაისამდე პერიოდს მოიცავს. შუალედური ანგარიში 14 პუნქტისგან შედგება და მოიცავს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა: სამართლებრივი ბაზა და საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაცია, პოლიტიკური გარემო და საარჩევნო კამპანია, საჩივრები და განცხადებები, მედია, ქალთა მონაწილეობა და სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობამ პოზიტიური ცვლილებები განიცადა (ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენისა და არჩევის პროცედურა, თბილისის მერის პირდაპირი არჩევნების სისტემა), თუმცა საუბარია მთელ რიგ ხარვეზებზეც: "ერთიანი საარჩევნო კოდექსი, ეწინააღმდეგება რა ეუთოს 1990 წლის კოპენჰაგენის დოკუმენტის 7,5 პუნქტს, კენჭისყრის უფლებას არ რთავს დამოუკიდებელ კანდიდატებს. პატიმრობაში მყოფ პირებს, განურჩევლად ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სასჯელის ვადის ხანგრძლივობისა, არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. გარდა ამისა, დებულებები, რომელიც არეგულირებს პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ საარჩევნო კამპანიის შეუზღუდავ წარმოებას და ამ მიზნისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, არათანაბარ პირობებში აყენებს კენჭისყრაში მონაწილე სუბიექტებს," - ნათქვამია ანგარიშში. ამავე ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური გარემო საქართველოში პოლარიზებულია; პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიების ნდობა ხელისუფლებისადმი მინიმალურია; მედია კი პოლიტიკური ნიშნითაა დაყოფილი; მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს სახელმწიფო დაფინანსება, ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად, კვლავ დიდია ვნებათაღელვა სიების სიზუსტესთან დაკავშირებით და ა.შ.
სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მსგავსი ტიპის შუალედური ანგარიშები ჯერ-ჯერობით არ გამოუქვეყნებიათ.
მარი მუშკუდიანი
ქუთაისიდან
Posted in: დამკვირვებლები | 0 Comments | Email This
Subscribe to:
Post Comments (RSS)
0 Responses to "თვითმმართველობის არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების ობიექტივში"
Post a Comment