ქუთაისიდან
0
"ნაციონალებმა" და საოლქომ საარჩევნო კომისიის წევრები გაცვალეს
"ნაციონალებმა" და საოლქომ საარჩევნო კომისიის წევრები გაცვალეს
5/8/10
ქუთაისში, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებისთვის 126 უბანია გახსნილი. საარჩევნო ადმინისტრაციები ამ დროისთვის ყველა უბანზეა დაკომპლექტებული, თუმცა პარტიების მიერ წარდგენილი კომისიის წევრების გამოცვლის პროცესი დღემდე გრძელდება. როგორც ირკვევა, ოპოზიცია ჯერ კიდევ სანდო კადრების ძიებაშია. მმართველმა პარტიამ და საოლქო საარჩევნო კომისიამ კი, ადმინისტრაციების დაკომპლექტებისას, "შეხმატკბილებულად" იმოქმედეს და ერთმანეთს წინა არჩევნების დროს გამობრძმედილი რესურსები გაუცვალეს.
საუბნო საარჩევნო კომისია 13 წევრისგან შედგება, საიდანაც ექვსს ირჩევს და ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო 7-ს პოლიტიკური პარტიები წარადგენენ.
"ქუთაისში ყველა პარტიამ გამოიყენა კუთვნილი ქვოტა და დანიშნეს უბნებში თავიანთი წარმომადგენლები," - ამბობს #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ქუთაისში ყველა უბანზე და მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიაშიც, თავიანთი წევრები შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს ჰყავთ დანიშნული: "ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია", "ჩვენ თვითონ", "კონსერვატორული პარტია", "მრეწველები", "ლეიბორისტები" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", თუმცა ოპოზიციური სპექტრის მიერ წარდგენილი წევრები დღემდე იცვლებიან. აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან წარდგენილი წევრების უკან გაწვევის ფაქტები ოპოზიციის მიერ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროსაც დაფიქსირდა, რასაც მმართველი პარტიის მხრიდან მათი წევრების მოსყიდვით ხსნიდნენ. თუმცა, მაშინ წევრების გამოწვევის ოფიციალურ მიზეზად მათი ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებდნენ, მაგრამ იმასაც ადასტურებდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მათ წევრებზე ზეწოლას ახორციელებდა. მმართველმა პარტიამ კი ამას სხვა შეფასება მისცა. "ნაციონალებში" აცხადებდნენ, რომ ოპოზიციას წევრებად ის ადამიანები ჰყავდა დანიშნული, რომლებმაც ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
რაც შეეხება, ოლქის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ და დანიშნულ წევრებს, მათ შემადგენლობაში ცვლილება აღარ შევა. სულ, ოლქის მიერ 756 წევრი იქნა არჩეული და დანიშნული საუბნო კომისიებში.
"ჩვენ წევრები კონკურსის გზით შევარჩიეთ. კონკურენცია იყო: სულ 900-მდე განცხადება შემოვიდა, რომელთაგან უპირატესობა მივანიჭეთ მათ, ვისაც საარჩევნო გამოცდილება და უმაღლესი განათლება ჰქონდათ. ყველა განცხადება პერსონალურად იკითხებოდა და ირჩეოდა. ეს ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ პარტიის წევრები. თუ იქნებოდნენ, პარტიის წევრობის შეჩერება მოუწევდათ," - განმარტავს ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა თქმით კი, საოლქოს მიერ წევრების არჩევა სწორედ პარტიული ნიშნით მოხდა და არა - პროფესიონალიზმის გათვალისწინებით. მათი მტკიცებით, არჩეული წევრები "ნაციონალების" წნეხში გატარებული პირები არიან.
"სერთიფიცირებას ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან ჩვენ საკმაოდ მაღალი პროფესიონალები გვყავს მხარდამჭერთა შორის. მათ შეტანილი ჰქონდათ საბუთები, მაგრამ ვერ მოახერხეს იმ თავისუფალ 6 წევრს შორის მოხვედრა, რომელთაც საოლქო ნიშნავს. ამდენად, საოლქოს მიერ შერჩეული ე.წ თავისუფალი 6 წევრი სინამდვილეში "ნაციონალების" კადრებია. ესენი, ყველანი იმ დავალებებს შეასრულებენ, რასაც პარტია ეტყვის," - ამბობს "ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე.
"ის კონკურსი, რომელიც საოლქომ ჩაატარა და იქ აღებული ქულა, არის მეორეხარისხოვანი. მთავარი "შერჩევა" ამ ხალხმა გაიარა "ნაციონალების" ოფისში, შემდეგ ის სია გადაიგზავნა იქვე - საოლქოში ხელმოსაწერად და გასაფორმებლად. ეს ადამიანები არიან "ნაციონალების" უბნის კოორდინატორები," - ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელი ვიკა ნაკაშიძე.
"ის ექვსი ადამიანი, თითქოსდა საოლქოს მიერ დანიშნული წევრები, არიან სახელისუფლებო კადრები. საუბნო კომისიებში მათ ემატებათ "ნაციონალებისგან" წარდგენილი კიდევ ერთი წევრი. ასევე, გარკვეული ოპოზიციური ქვოტები საარჩევნო უბნებში არის იგივე "ნაციონალური მოძრაობის", - ამბობს "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელი ნიკა სანოძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა და განმარტავენ, რომ პარტია საოლქოს გადაწყვეტილებებში არ ერევა.
საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებისას "ნაციონალების" მიმართ გაჟღერებული ბრალდებების მიუხედავად, ვერც ერთი ოპოზიციური პარტია კონკრეტულ სახელებსა და მაგალითებზე ვერ საუბრობს. "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ადგილობრივი ხელმძღვანელი დაკონკრეტების სანაცვლოდ, ასე გვპასუხობს: "მე არ ვარ დაინტერესებული მათი სახელებით და გვარებით. მაგრამ ვიცი, რომ კომისიებში დანიშნული წევრები "ნაციონალების" აქტივისტები არიან," - ამბობს ნიკა სანოძე. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურ პარტიებში დაუკონკრეტებელი ბრალდებების გარდა, დღემდე არც საუბნო საარჩევნო კომისიების სრულ შემადგენლობას იცნობენ. კერძოდ, პარტიების ოფისში ამ დრომდე არ გააჩნიათ იმ ადამიანთა მონაცემები, რომლებიც საუბნო კომისიებში თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად დაინიშნენ.
სამაგიეროდ, კომისიებში წევრების პარტიული კუთვნილების დასადგენად კომისიების სრული შემადგენლობა ჩვენ გადავამოწმეთ. როგორც აღმოჩნდა, საუბნო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარისა და მოადგილის თანამდებობაზე არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ არის არჩეული. კომისიებში თანამდებობებზე დანიშნულთა უმეტესობა კვლავაც ძველი სახეა.
126 საუბნო კომისიიდან, 72 უბანზე თავმჯდომარეებად კვლავაც ის ადამიანები არიან არჩეულნი, რომლებსაც იგივე პოზიცია ეჭირათ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროსაც, ხოლო 45 უბანზე - ძველი მოადგილეები არიან დატოვებულნი. შესაბამისად, მათ შორის კვლავაც არიან: სკოლის დირექტორები, ბაღის გამგეები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და "ნაც. მოძრაობის" აქტივისტები: მაგალითად, #15 უბანზე კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა შეინარჩუნა ქუთაისის #41 საჯარო სკოლის დირექტორმა ივლიანე ნაჭყებიამ, ასევე - #1 საჯარო სკოლის დირექტორმა თამაზ ცხადაძემ, რომელიც #41 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. #8 უბანს ქუთაისის მერიის თანამშრომელი ვასილ მებურიშვილი ხელმძღვანელობს და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ 126 საუბნო საარჩევნო კომისიიდან თავმჯდომარის თანამდებობაზე "ნაციონალების" ქვოტით წარდგენილი წევრებიდან ოფიციალურად მხოლოდ ერთია დანიშნული თავმჯდომარის თანამდებობაზე (დავით ყუფარაძე - #103 უბანი). ხოლო სამ უბანზე (#50 უბანზე - ავთანდილ ისიანი, #87 - ზურაბ მარგველაშვილი , #95 - ივეტა გეგუჩაძე-სიხარულიძისა) "ნაციონალებს" მოადგილის თანამდებობა ერგოთ. დანარჩენ უბნებზე თავმჯდომარეებიცა და მოადგილეებიც საოლქოს მიერ წარდგენილი კომისიის წევრებიდან არიან არჩეულნი, რომლებიც, როგორც წესი, დამოუკიდებელ წევრებად ითვლებიან. თუმცა, "ახალმა გაზეთმა" გაარკვია, რომ რეალურად ისინი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან: ჩვენ გადავამოწმეთ "ნაციონალების" მიერ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს საუბნო კომისიებში წარდგენილი წევრების მონაცემები და გავარკვიეთ, რომ მათი უმეტესობა ამჯერად კომისიებში საოლქოს მიერ წარდგენილი "დამოუკიდებელი" წევრის სტატუსითაა წარდგენილი. ხოლო ისინი, ვინც წინა არჩევნების დროს საოლქოს მიერ იყვნენ წარდგენილები, ამჯერად "ნაციონალების" აქტივს წარმოადგენენ საარჩევნო ადმინისტრაციებში. მაგალითად, #70 უბანზე ლონდა ჯინჭარაძე თავმჯდომარედ ისე დაინიშნა, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი კადრი, თუმცა 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს ის ამავე უბანს თავმჯდომარეობდა, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი წევრი. #72 უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ საოლქოს მიერ წარდგენილი ბელა ბაბუნაშვილია დანიშნული, რომელიც წინა არჩევნებზე იგივე თანამდებობაზე "ნაციონალების" ქვოტით მუშაობდა. #79 უბნის კომისიაში "ნაციონალების" მიერ წარდგენილი წევრია მალხაზ ბოჭოიძე, რომელიც წინა არჩევნების დროს იგივე კომისიაში საოლქო კომისიის მიერ წარდგენილი წევრის სტატუსით სარგებლობდა. ამავე უბანზე საოლქოს მიერ წარდგენილი წევრი ანა ყიფიანი კი წინა არჩევნების დროს "ნაციონალების" ქვოტით სარგებლობდა. ანალოგიური მაგალითები დაუსრულებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ ქუთაისის საარჩევნო ადმინისტრაციების შემადგენლობიდან.
ერთადერთი თანამდებობა, რაც ოპოზიციას ერგო წილად საუბნო-საარჩევნო კომისიებში, მდივნის პოზიცია გახლავთ: 126 უბნიდან 44 უბანზე მდივნის თანამდებობა პარტია "ჩვენ თვითონ"-ს ერგო, 34 უბანზე - "მრეწველებს", 22 უბანზე - "ქრისტიან-დემოკრატებს", 16 უბანზე - "რესპუბლიკელებს", ერთ უბანზე - "კონსერვატორებს". საოლქო კომისიის მიერ წარდგენილი წევრი მხოლოდ 9 უბანზე დაინიშნა მდივნად.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი პარტიებიდან ბევრმა წარმომადგენელმა თავი შეიკავა მდივნის პოზიციის დაკავებისაგან. ამის მიზეზად კი საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებას ასახელებენ, რომლის თანახმადაც, ცდომილების შემთხვევაში მდივანს 600 ლარიანი ჯარიმა ეკისრება. ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში შესულ ამ ცვლილებას ხელისუფლების მხრიდან გამიზნულ ნაბიჯად აფასებს, რომ ოპოზიციის წევრები თანამდებობებზე არ დაინიშნონ. #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი განმარტავს, რომ 600 ლარიან ჯარიმას კოდექსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუკი კომისიის მდივანი და თავმჯდომარე ხელს შეუშლიან ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერების შეტანას. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის კოდექსი პირდაპირ ფულად საჯარიმო სანქციას არ ითვალისწინებს.
"საარჩევნო კოდექსის თანახმად, პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ბევრ საკითხზე. თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნისათვის პასუხისმგებლობის საკითხი დგება განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც ისინი გადაასწორებენ შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს. ამ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ 2000 ლარამდე ჯარიმა. სხვა ნებისმიერ გადაცდომაზე კი პასუხისმგებლობის დაკისრება იწყება გაფრთხილებიდან, მითითებიდან, საყვედურიდან, სასტიკი საყვედურიდან და ა.შ. პირდაპირ ფულადი საჯარიმო სანქციები არ არის," - ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი. სხვათაშორის, ცესკოდან შენიშვნა წინა არჩევნებთან (2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები) დაკავშირებით თავად ოსეფაიშვილსაც აქვს მიღებული.
"ცესკომ დღემდე ვერ მიპასუხა, რის გამო ჩამიწერეს ეს შენიშვნა," - თავს ასე იმართლებს ოსეფაიშვილი. ცესკომ გაცილებით მძიმე სანქცია წინა არჩევნებთან დაკავშირებით ქუთაისის #88 საუბნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ გამოიყენა: ზაირა სიმონიძეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობა აეკრძალა.
"სიმონიძეს ჩვენ ავუკრძალეთ ადმინისტრაციაში მუშაობა. ის რეგისტრატორი იყო და დაუშვა შეცდომა. წელს მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებული წევრებია კომისიებში ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით, ვიდრე - წინა არჩევნებზე იყო," - ამბობს ოსეფაიშვილი.
საარჩევნო ადმინისტრაციების შემადგენლობაში ცვლილებების შესატანად და კომისიის წევრების შესაცვლელად საარჩევნო სუბიექტებს ვადა 15 მაისის ჩათვლით აქვთ.
თეა ზიბზიბაძე
ქუთაისიდან
ქუთაისიდან
Posted in: საარჩევნო ადმინისტრაცია | 0 Comments | Email This
Subscribe to:
Post Comments (RSS)
0 Responses to ""ნაციონალებმა" და საოლქომ საარჩევნო კომისიის წევრები გაცვალეს"
Post a Comment