5

ემიგრანტი ამომრჩევლები სიებში

5/5/10

26 აპრილს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა ერთიანი სია გადასცა. ქუთაისის საარჩევნო უბნებში გამოკრულ ამომრჩეველთა სიებში "ახალმა გაზეთმა" ბევრი ისეთი ადამიანი აღმოაჩინა, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცხოვრობენ და სამშობლოში დაბრუნებას არც 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აპირებენ.
ქუთაისის #37 საარჩევნო უბანზე 1 419 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორისაა ელისო მუშკუდიანი, რომელიც ბოლო 15 წელია, ოჯახთან ერთად რუსეთში, კერძოდ, ქალაქ მოსკოვში ცხოვრობს. ქალბატონი ელისო უკვე რამდენიმე წელია საქართველოში არ ჩამოსულა და როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, არც 2010 წლის 30 მაისს აპირებს ჩამოსვლას - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა ელისო მუშკუდიანი ამომრჩეველთა სიაში მაინც მოხვდა.
"ჩემი და საკმაოდ დიდი ხანია, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, მოსკოვში ცხოვრობს. აქ არც 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიუღია მონაწილეობა, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა. მისი ოჯახი უახლოეს პერიოდში ნამდვილად ვერ შეძლებს დაბრუნებას ჩვენს ქალაქში, თავისთავად ვერც ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას," -ამბობს ელისო მუშკუდიანის და მარინა მუშკუდიანი.
ქუთაისის #37 საარჩევნო უბანში გამოკრულ ამომრჩეველთა სიაში აღმოვაჩინეთ ბექა ნამიჭეიშვილიც, რომელიც უკვე 2 წელზე მეტია ინგლისში იმყოფება. ის 2007 წლის ოქტომბერში გაემგზავრა ლონდონში სასწავლებლად. მას შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა. მისი ოჯახი კოტე ბარქაიას ქ. #81-ში (ყოფილი თამარ მეფის ქუჩა) ცხოვრობს.
"2008 წელს, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს, ჩემი შვილი შეიყვანეს ამომრჩეველთა სიაში. როცა ეს ვნახე, პირადად მივედი საარჩევნო უბნის თავმჯდომარესთან და განვუცხადე, რომ ჩემი შვილი ვერ შეძლებდა არჩევნებში მონაწილეობას, რადგან ის საქართველოში არ იმყოფებოდა და ვთხოვე, სასწრაფოდ ამოეღოთ მისი სახელი და გვარი ამომრჩეველთა სიებიდან. როგორც გავიგე, თურმე, ახლაც შეუყვანიათ ჩემი შვილი სიაში. შეუძლებელია ის 30 მაისისთვის ქუთაისში ჩამოვიდეს. მინდა ვთქვა, რომ წელს არავინ მოსულა ჩემთან სიის გადასამოწმებლად,"- ამბობს ბექა ნამიჭეიშვილის დედა მარინა კუხალაშვილი.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების საკითხს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლი არეგულირებს.
"ამ მუხლში განმარტებულია, რომ იძულებით გადაადგილებული პირისთვის აღინიშნება დროებითი საცხოვრებელი მისამართი, სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისათვის კი ხდება მითითება - "საკონსულო აღრიცხვაზეა". იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე, მაშინ კეთდება მითითება, რომ ის იმყოფება უცხოეთში. ყველამ ვიცით, რომ ძალიან დიდია საზღვარგარეთ ქართველ არალეგალთა რიცხვი. ისინი, რა თქმა უნდა, არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე, ამიტომ მათი სახელისა და გვარის გასწვრივ საარჩევნო სიებში უნდა მიეთითოს წარწერა - "უცხოეთშია", - განმარტვას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ნინო თვალთვაძე.
ქუთაისის #37 საარჩევნო უბანში გამოკრულ ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ 59 ამომრჩევლის სახელისა და გვარის გასწვრივაა გაკეთებული წარწერა - "უცხოეთშია", ხუთ ამომრჩეველზე კი - "საკონსულო აღრიცხვაზეა". "ახალი გაზეთის" მიერ გასულ კვირას აღნიშნულ უბანზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი იქნა რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც უკვე წლებია არ იმყოფებიან საქართველოში: მაგალითად, ხახანაშვილის ქუჩაზე რეგისტრირებული ნინო ჯიბუტი ამჟამად თურქეთში ცხოვრობს, ამავე ქუჩაზე რეგისტრირებული ლალი გაბუნია - საბერძნეთშია. საბერძნეთში იმყოფება თამარ მეფის ქუჩაზე რეგისტრირებული გულო რობაქიძეც. შანიძის ქუჩაზე რეგისტრირებული ომარ ჭელიძე და მისი შვილი - კახაბერ ჭელიძე რუსეთში ცხოვრობენ. ბააკა ჯახუა უზნაძის ქუჩაზეა რეგისტრირებული, თუმცა ისიც რუსეთში იმყოფება. ასევე, უზნაძის ქუჩაზე რეგისტრირებული მარინე ლეშკაშელი იტალიაშია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობენ, საარჩევნო სიებში მათი გვარისა და სახელის გასწვრივ არავითარი ჩანაწერი არ არის გაკეთებული.
ქუთაისის #37 საუბნო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საჩივარი მათთვის სიებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არავის წარმოუდგენია.
"ჩვენ ვეყრდნობით საოლქოს მიერ გადმოცემულ ინფორმაციას. თუკი საჭირო გახდება რაიმეს გადამოწმება, წინ კიდევ დიდი პერიოდი გვაქვს და გადამოწმება მოხდება," - ამბობს #37 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ისაკაძე.
"პირადად ვაწარმოებდი სიების მონიტორინგს, თუმცა მნიშვნელოვანი დარღვევა არ აღმომიჩენია. მართალია სიებში შეყვანილნი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მაგრამ ხომ შეიძლება რომ არჩევნებამდე ისინი ჩამოვიდნენ?!" - ამბობს #37 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი "რესპუბლიკური პარტიიდან" სალომე ახვლედიანი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა მოწოდებული ინფორმაცია, თუ ვინ არის საზღვარგარეთ წასული. სწორედ მათი სახელების გასწვრივ სიებში მითითებულია, რომ ისინი უცხოეთში არიან. ისინი კი, ვისზეც არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, მათი გრაფა ცარიელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ვერ წავართმევთ კონსტიტუციურ უფლებას. არ არის გამორიცხული არჩევნების პერიოდში ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში და ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს. ნამდვილად მოხდა სიებში ინფორმაციის შეტანა, თუ ვინ იმყოფება საქართველოში და ვინ - საზღვარგარეთ," - აღნიშნავს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი. მისი თქმით, მას, ვინც საარჩევნო პერიოდში, ანუ 15 მაისამდე გადმოკვეთს საზღვარს, შეუძლია მივიდეს საარჩევნო უბანში და წარმოადგინოს პასპორტი, რომელშიც აღნიშნული იქნება საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამის შემდეგ ის შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვარიანტი საარჩევნო უბნებში 15 მაისს გამოიკვრება. ამის შემდეგ სიებში ცვლილებების შეტანა მხოლოდ სასამართლოს ძალით იქნება შესაძლებელი.
მარი მუშკუდიანი
ქუთაისიდან

5 Responses to "ემიგრანტი ამომრჩევლები სიებში"

Anonymous Says:

მინდა გაცნობოთ რომ ბააკა ჯახუა კვლავაც საქართველოში იმყოფება და საქართველოს გადამკვდარი მოქალაქეა

Anonymous Says:

მინდა გავიცნო ბააკა ჯახუა მომავალი ცხოვრების შესაქმნენლად

Anonymous Says:

დაგაგვიანდა გელაჩია მაგი უკვე დაკავებულია :))))))))))

Anonymous Says:

ვინ არის გელაჩია მე ულამაზესი მანდილოსანი ვარ

Anonymous Says:

ბააკა ჯახუა არა და ისე მაგ მისამართზე სულ სხვა ჯიშის ხალხი როა ჩაწერილი ეგ ვერ აღმოაჩინეს ნეტა????