0

ამომრჩეველთა სიებს ოპოზიციურმა მონიტორინგმაც ვერ უშველა

5/5/10

30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში არარსებულ მისამართებზე ათეულობით კორპუსები აღმოცენდა და რამდენიმე ასეული მიცვალებულიც გაცოცხლდა. ასეთია იმ ხარვეზების არასრული ჩამონათვალი, რაც ამომრჩველთა სიების გადამოწმების შედეგად დააფიქსირეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 161 649 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ანუ 11 936 ამომრჩევლით მეტი იმასთან შედარებით, რაც 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის იყო რეგისტრირებული. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი აცხადებს, რომ საბოლოო სიას, რომელიც უბნებში 15 მაისს გამოიკვრება, 12 000-მდე ამომრჩეველი წელსაც მოაკლდება. მიუხედავად ამისა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ მათ მიერ დაფიქსირებული უზუსტობები არც საბოლოო სიაში იქნება ასახული. კერძოდ, საუბარია არარსებულ კოპრუსებზე, ე.წ. "მკვდარ სულებზე", სხვა მისამართზე რეგისტრირებულ ამომრჩევლებზე და სხვა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებით, პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა მიეცათ ჩაეტარებინათ ამომრჩეველთა სიის მონიტორინგი. აღნიშნული მიზნით, პოლიტიკურ პარტიებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოთ 1 200 000 ლარი, რომელიც თანაბრად განაწილდა 14 კვალიფიციური სუბიექტიდან იმ 12 პარტიაზე, რომლებმაც განაცხადეს ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი. ცესკომ განაახლა ამომრჩეველთა სია 2010 წლის 1 თებერვლის მონაცემებით და გადასცა დაინტერესებულ პირებს მონიტორინგის მიზნით. თავდაპირველი თანხმობის შემდეგ მონიტორინგში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ. შედეგად, გამოთავისუფლებული თანხა - 100 000 ლარი გადანაწილდა მონიტორინგის მონაწილე სხვა პარტიებზე თანაბრად.
საბოლოოდ, ცესკოში ანგარიში წარადგინა 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მონიტორინგში. აქედან, ქუთაისში სიების გადამოწმება უბნების მიხედვით სამმა საარჩევნო ბლოკმა განახორციელა. თუმცა, როგორც ირკვევა, მათი დაფარვის არეალი არასრული იყო, რადგან არ მომხდარა ქალაქში არსებული 126-ვე უბნის ამომრჩეველთა გადამოწმება. ამის მიზეზად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მწირ დაფინანსებას ასახელებენ. მათი თქმით, გამოყოფილი თანხა ყველა უბნის დასაფარავად საკმარისი არ იყო. ქუთაისში, როგორც თავად ამბობენ, ყველა უბანი მხოლოდ "ეროვნულმა საბჭომ" ("მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", "კონსერვატორებისა" და "ხალხის პარტიის" საარჩევნო ბლოკი) გადაამოწმა; საარჩევნო ბლოკმა "ალიანსი საქართველოსთვის" ("ახალი მემარჯვენეების", "რესპუბლიკელებისა" და "საქართველოს გზის" შემადგენლობით) - 34 უბანი, ბლოკმა "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" ("ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "ჩვენ თვითონ", "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია") - 72 უბანი. თუმცა, მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად პარტიების ადგილობრივ ორგანიზაციებში კონკრეტული მონაცემები, ქუჩებისა და ამომრჩეველთა ვინაობის მიხედვით, მხოლოდ არარსებულ კორპუსებზე აქვთ. ამბობენ, რომ სხვა მონაცემები ("მკვდარი სულების", სხვა მისამართზე რეგისტრირებული ამომრჩევლების შესახებ) თბილისში, ცესკოში აქვთ გადაგზავნილი სიებში შესაბამისი შესწორებების მიზნით. თუმცა, მათ მიერ გაგზავნილი მონაცემებიდან რა სახის ცვლილებები შევიდა ერთიან სიაში, პარტიებში ამ დროისთვის არც ეს მონაცემები გააჩნიათ.
"ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოყოფილი დაფინანსება სიების მონიტორინგისათვის, ეს იყო გარკვეულწილად მოქრთამვა ამ პარტიების. ოპოზიციას რეალურად არც გადაუმოწმებია სიები. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, პარტიებმა ეს თანხები მიახარჯეს თბილისს, რადგან ხელისუფლების მსგავსად, რეგიონი არც მათ აინტერესებთ," - ამბობს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი "ლეიბორისტული პარტიიდან" სამსონ გუგავა.
"62 არარსებული მისამართი დავაფიქსირეთ 72 უბნის გადამოწმების შედეგად, რომელთაგან, როგორც ვიცით, 21 გასწორდა. ძირითადად, არარსებული ბინები დაფიქსირდა ავტოქარხანაში, ჭავჭავაძის გამზირზე, სულხან-საბას დასახლებაში, ასევე - რუსთაველზე," - ამბობს "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი გოგიტა გეგელაშვილი.
"ალიანსში" კი აცხადებენ, რომ 34 გადამოწმებულ უბანში 350 არარსებული კორპუსი, 99 მიცვალებული, 28 პატიმარი, 79 სიაში გამორჩენილი და საკმაოდ დიდი რაოდენობით სხვა მისამართზე მიწერილი ადამიანები აღმოაჩინეს. მათ, ასევე, 331 არასწორად რეგისტრირებული მისამართი დააფიქსირეს. საოლქო საარჩევნო კომისიაში, "ახალი მემარჯვენეების" ქვოტით კომისიის წევრის ვანო კაპანაძის თქმით, მისთვის უცნობია, რა სახის შესწორებები შეიტანა ცესკომ. ერთადერთი შემთხვევა, რაც ადგილზე საოლქომ გაასწორა, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ არარსებულ მისამართს ეხებოდა.
"გრიშაშვილის ქუჩაზე #13-ის შემდეგ არის #15, სადაც განთავსებულია სკოლა, აღნიშნულ მისამართზე სიაში 62 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. აღნიშნული დარღვევა უკვე გასწორებულია," - ამბობს ვანო კაპანაძე.
"ეროვნულმა საბჭომ" სიების მონიტორინგის შედეგად ქუთაისში 461 არარსებული მისამართი აღმოაჩინა. სხვა კონკრეტული დარღვევების შესახებ მონაცემები, როგორც "ეროვნულ საბჭოში" ამბობენ, ადგილზე არ გააჩნიათ.
ამომრჩეველთა სიის მონიტორინგი "ახალმა გაზეთმა" გასული კვირის მანძილზე ქუთაისის #110 საარჩევნო უბანში განახორციელა. აღნიშნულ უბანში 902 ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუმცა ჩვენ მხოლოდ 142 ამომრჩევლის მონაცემები გადავამოწმეთ, რომლებიც უბანში გამოკრული სიის მიხედვით, დადიანის ქუჩის მცხოვრებლები არიან. ჩვენს მიერ გადამოწმებული 142 ამომრჩევლიდან, რეალურად საზღვარგარეთ 18 ამომრჩეველი იმყოფება, სიაში კი შესაბამისი მინაწერი - "უცხოეთშია" მხოლოდ 8 მათგანის გასწვრივ არის გაკეთებული. ასევე, აღმოვაჩინეთ 4 გარდაცვლილი. ამას გარდა, #110 უბანზე სამი ამომრჩეველია რეგისტრირებული დადიანის ქ. #55ა-დან და სამი - დადიანის ქ. #57ა-დან. აღნიშნული მისამართები ქუთაისში არ არსებობს.
"ეს არის სიები, რომლითაც ხელისუფლება მანიპულირებს და შესაბამისად, დებს იმ შედეგს, რაც სურს. ხარვეზების გასწორებაზე ზედმეტია ლაპარაკი," - ამბობს სამსონ გუგავა.
აღსანიშნავია, რომ პარტიების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების შემდეგ სიებში შესული შესწორების ამსახველი მონაცემები არც საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვთ. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი აცხადებს, რომ სიებში შესწორებების შეტანა ცენტრალიზებულად მოხდა და კონკრეტულად, ქუთაისში რა ცვლილები შევიდა, ეს მონაცმები მათ არ გააჩნიათ.
ცესკოს ვებ-გვერდზე კი მხოლოდ პარტიების მიერ მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებული და მათ მიერ შეტანილი ცვლილებების ერთიანი მონაცემები დევს.
ამომრჩეველთა სიის ჩასწორების შედეგად ცესკოს მიერ ამომრჩეველთა სიაში სულ ჩასწორებული იქნა: სახელები (19815), გვარები (33766), დაბადების თარიღები (24284), მისამართები (55094), ერთ ბინაში რეგისტრირებული ოცი და მეტი ამომრჩეველის 63 შემთხვევა, 225 - დუბლირებული ამომრჩეველი, 2825 გარდაცვლილი ამომრჩეველი, ამ დროისთვის მუშავდება სიაში გამოტოვებული ამომრჩევლების მონაცემები. სიიდან მოიხსნა 219, ხოლო ჩასწორდა - 12925.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული სიის მონიტორინგში მითითებულია, რომ ქუთაისში გამოვლენილი და გასწორებულია 16 წილადიანი მისამართი, ასევე, საერთო ჯამში,шდაფიქსირდა რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების 15 შემთხვევა, სადარბაზოებში გამეორებული ნუმერაცია - 11 შემთხვევა, ბარაკის ტიპი საცხოვრებელი სახლი - 6 შემთხვევა. მესაკუთრე იმყოფება უცხოეთში - 4 შემთხვევა. გასწორებულია, აგრეთვე, 8 ტექნიკური ხარვეზი. ცესკოს ინფორმაციით, ქალაქების ტერიტორიაზე განთავსებულ უბნებში დამატებით გაიკვრება კედლის სიები მისამართების მიხედვით, ხოლო ამომრჩეველთა სიებში 121 000 ამომრჩეველს მიეწერება სტატუსი "იმყოფება უცხოეთში".
სიებში შესწორებების შეტანის ვადა 20 მაისს იწურება.
თეა ზიბზიბაძე
ქუთაისიდან

0 Responses to "ამომრჩეველთა სიებს ოპოზიციურმა მონიტორინგმაც ვერ უშველა"