0
წინასაარჩევნო აგიტაცია და მისი ჩატარების პირობები
30 მაისის არჩევნებისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხუთი პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა, თუმცა, ამომრჩეველთა ხმების მოზიდვას ყველა მათგანი არ ცდილობს.
წინასაარჩევნო აგიტაცია და მისი ჩატარების პირობები
5/17/10
ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 11 მაისს გამოაქვეყნა 2010 წლის 15 მარტიდან 5 მაისამდე არსებული წინასაარჩევნო სიტუაციის მონიტორინგის შედეგების შუალედური ანგარიში, რომელშიც გამოვლენილი დარღვევებია ჩამოთვლილი.
“ყველაზე მეტ შეშფოთებას ამომრჩეველზე და ოპოზიციის აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტები იწვევს. არსებობს რეგიონებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მოსყიდვის ან იძულების ფაქტები, რათა მათ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადონ, ასევე, მიზანმიმართულად იქმნება პრობლემები ოპოზიციური პარტიებისათვის წინასაარჩევნო ღონისძიებების ორგანიზებაში”, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ასეთი ფაქტები ჯერ არ დაფიქსირებულა. წინასაარჩევნო ციებ-ცხელება აქ არც იგრძნობა. ოპოზიციური პარტიების პასიურობისა და მმართველი პარტიის აქტიურობის მიზეზებზე ამ პარტიების წარმომადგენლები გვესაუბრნენ.
“ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას” მაჟორიტარები ყველა უბანზე ჰყავს და ასევე ჰყავს 13 კანდიდატი პარტიული სიით. ამ პარტიის წარმომადგენელთა თქმით, ისინი ზოგიერთ სოფელში იყვნენ და ბუკლეტებიც დაარიგეს, თუმცა, ქალაქში ჯერჯერობით მათი არც ბუკლეტები და არც საარჩევნო პლაკატები არ ჩანს. სოსო ბალახაძის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზებისას ზოგჯერ გარკვეულ დაბრკოლებებს აწყდებიან: “ზოგიერთ სოფელში ჩასვლა რომ მოგვენდომებინა, შეიძლება ეთქვათ, რომ იქ არ წავსულიყავით. მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ასეთებიც ხდება”.
კონსერვატორების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო აგიტაცია თანაბარ პირობებში მიმდინარეობს.
“შემიძლია განვაცხადო, რომ მთავრობის მხრიდან პრობლემებს არ წავწყდომივართ, არანაირი დაბრკოლება არ შეგვქმნია. თავად პოლიციის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ ხალხს ამა და ამ დღეს, ამა და ამ ადგილას ვხვდებოდით და არ ჩარეულან”, - ამბობს “კონსერვატორიული პარტიის” წარმომადგენელი ია ბურჯანაძე.
თუმცა მის პარტიას ჯერჯერობით განსაკუთრებული აქტიურობა არ გამოუჩენია. შესაძლოა, ამის მიზეზი შემდეგია: “ვფიქრობ, ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ გააჩნია. უბრალო ხალხთან საუბრისას მათ თვალებში ვხედავ, რომ ჩვენი არ სჯერათ. და მათი დარწმუნება ძალიან რთულია”, - აღნიშნავს ია ბურჯანაძე.
პირობების უთანაბრობას არც საქართველოს დემოკრატთა პარტია უჩივის. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია აგიტაციას სოფლებში, სტუდენტთა მეშვეობით ატარებს.
“აქამდე ზეწოლა არ გვიგრძვნია. ვფიქრობ, რაც უფრო ძლიერი იქნები, მით ნაკლებად მოახდენენ შენზე ზეწოლას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. არის პოზიცია და არსებობს ოპოზიცია. ეს ორი ცნება ერთი მედლის ორი მხარეა – ერთი მართავს, მეორე კი ეწინააღმდეგება. ოპოზიცია პოზიცია რომ გახდეს, მოწინააღმდეგე მასაც აუცილებლად გამოუჩნდება”, - ამბობს საქართველოს დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი მერუჟან აბრამიანი.
ამ პარტიას 10 პარტიული კანდიდატი და 22 მაჟორიტარი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წინასაარჩევნო აგიტაცია მიმდინარეობს, ქალაქში მათი სარეკლამო პლაკატები არ ჩანს.
ნაციონალური კავშირის ბლოკს მუნიციპალიტეტში სააგიტაციო საქმიანობა ჯერ არ დაუწყია, ისინი საარჩევნო პლაკატებს ელოდებიან. თუმცა ბლოკის წარმომადგენელი არმენ ფარმანიანი ამბობს, რომ კამპანიის პირობები არათანაბარია და მათ მმართველი პარტია გამუდმებით უშლის ხელს.
“ახლანდელი ხელისუფლება სავარძლების შესანარჩუნებლად იბრძვის და ჩვენი დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებს. მაგალითად, ინტერნეტში საიტ Youtube-ზე განთავსებულია ვიდეო სახელწოდებით “ჯამბაზი კანდიდატები”. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ჯამბაზებს გვიწოდებენ, ამით ხალხი ჩვენ წინააღმდეგ განეწყობა. ამას ასე არ დავტოვებთ და ჩვენი კანდიდატების ცილისწამებას არ დავუშვებთ. დღეს უშიშროების მეშვეობით გვაშინებენ. შავი პიარიც პიარია. ეს პირადი დაპირისპირება არაა, ეს არჩევნებისთვის ბრძოლაა”, - ამბობს ნაციონალური კავშირის ბლოკის წარმომადგენელი და მაჟორიტარი კანდიდატი არმენ ფარმანიანი.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” აგიტაცია 4 მაისს დაიწყო. კანდიდატები არაერთ სოფელში ჩავიდნენ და დანარჩენების მონახულებასაც აპირებენ.
“70 სოფლიდან 35-ში უკვე ვიყავით, დიდი და პატარა სოფლები არ გაგვირჩევია. გადავწყვიტეთ, რომ საჭიროა ხალხს პარტიის ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ვაცნობოთ. ეს პოლიტიკური ბრძოლაა და სავსებით ნორმალურია. ამის საშუალება ახალქალაქში რეგისტრირებულ ყველა პარტიას აქვს. ჩვენი ძირითადი მიზანია, არჩევნებმა პატიოსნად და გამჭვირვალედ ჩაიაროს. ჩვენი აგიტაციაც ამაში მდგომარეობს”, - ამბობს პარტიის წარმომადგენელი და დეპუტატობის კანდიდატი ჰამლეტ მოვსესიანი.
პარტია “მრეწველების” წარმომადგენელი მერუჟან ეზოიანიც ადასტურებს, რომ პარტიებს ნორმალური, თანაბარი პირობები აქვთ შექმნილი.
“ჩვენ ბევრ სოფელში ვიყავით და ჩასვლას დანარჩენებშიც ვაპირებთ. შეხვედრებს ხალხმრავალ ადგილებში ვატარებთ. ხალხი კი გულგრილია, მათი უმრავლესობა მინდვრებში მუშაობითაა დაკავებული. საჩივრებიც ბევრი არ აქვთ, ძირითადად, სათესლე მასალასა და სასუქზე ჩივიან”, - ამბობს მერუჟან ეზოიანი.
ამ პარტიას კანდიდატები მხოლოდ პარტიული სიით ჰყავს. მისი წარმომადგენლის თქმით, ყველა უბანზე კანდიდატის დანიშვნისა და აქტიური საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად პარტიას ფინანსური საშუალება არ გააჩნია.
აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი
Posted in: წინასაარჩევნო კამპანია | 0 Comments | Email This
Subscribe to:
Post Comments (RSS)
0 Responses to "წინასაარჩევნო აგიტაცია და მისი ჩატარების პირობები"
Post a Comment