1 comments

საარჩევნო გეოგრაფიის ხარვეზები

5/8/10

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო უბნების საზღვრებსა და მისამართებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნებამდე 50 დღით ადრე აზუსტებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაცემებზე დაყრდნობით. ეს ვადა ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიას 10 აპრილს ამოეწურა, თუმცა რამდენიმე უბნის მისამართი ქუთაისში ამ დრომდე დაუზუსტებელია.
#59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ ოსეფაიშვილს თავისი არგუმენტები აქვს, თუ რამ გამოიწვია პრობლემები უბნების მისამართების დაზუსტების კუთხით: "უბნის მისამართები შეიცვალა რამდენიმე შემთხვევაში და ალბათ, კიდევ შეიცვლება, რადგან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით: ძალიან ბევრი რაღაც გაიყიდა ქალაქში და პრივატიზებულ შენობებში ვერ გავხსნით უბნებს. ასევე, რამდენიმე ბაგა-ბაღის შენობაში შეასახლეს დევნილები და იქაც ვეღარ ვხსნით უბნებს".
ქუთაისში ამ დროისთვის 126 საუბნო საარჩევნო კომისიაა გახსნილი, თუმცა ოფისებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო, რამდენიმე კომისია სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, ზოგიერთი კომისია დროებით სხვადასხვა ობიექტშია შესახლებული, ზოგიერთისთვის კი საოლქო კომისიას კერძო სახლების დაქირავება მოუხდა.
გასულ კვირას "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართეს. როგორც მათ პრესის წარმომადგენლებს განუცხადეს, #89 საუბნო საარჩევნო კომისია არ ფუნქციონირებს. საქმე ის არის, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აღნიშნული უბანი ჩხობაძის ქ. #16-ში, ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრის შენობაში უნდა ყოფილიყო განთავსებული. სწორედ აღნიშნულ მისამართზე მივიდა რამდენჯერმე აღნიშნული კომისიის წევრი "კონსერვატორებიდან" ზეინაბ ფოლკენშტერნი, თუმცა იქ ვერც საარჩევნო უბანი აღმოაჩინა და ვერც - კომისიის სხვა წევრები. მოგვიანებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კომისია სხვა მისამართზე იკრიბებოდა, რადგან #89 უბანმა ოფისი გამოიცვალა.
"საავადმყოფოს შენობაში "სასწრაფო" შეიყვანეს და კატეგორიულად გვითხრეს, რომ აქ საარჩევნო უბნის მოწყობა არ შეიძლებაო. ვეძებეთ, ვეძებეთ და როგორც იქნა, ავიღეთ ახალი ოფისი ჩხობაძის #15ა-ში - მაღაზიის მე-2 სართულზე," - ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ორიოდე კვირის წინ, როდესაც ქუთაისში საარჩევნო უბნები გაიხსნა, #66 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ფოსტის შენობაში ცოცხებითა და ჩვრებით დაიბარეს, რათა ამორტიზებული შენობა კოსმეტიკურად მაინც დაესუფთავებინათ. თუმცა მას შემდეგ, რაც კომისიის რამდენიმე წევრმა მსგავსი ტიპის "ექსპლუატაცია" გააპროტესტა, კომისიას დროებითი თავშესაფარი მოუძებნეს: ისინი სახსტანდარტის შენობაში შეასახლეს.
"მაგრამ საარჩევნო პროცედურა იქ ვერ გაიმართება, ამიტომ ვეძებთ ალტერნატიულ ფართს," - ამბობს ოსეფაიშვილი. მისივე თქმით, მძიმე პირობებში უხდება მუშაობა #68 საუბნო საარჩევნო კომისიასაც, რომელიც ყოფილი #1 საბავშვო ბაღის შენობაშია განთავსებული: "საშინელი მდგომარეობაა, მოსაწესრიგებელია, მაგრამ სხვა ალტერნატივა იქ არ არის," - ამბობს ოსეფაიშვილი.
ალტერნატიული ფართები ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ უკვე მოუძებნა ოთხ საარჩევნო უბანს: #49 უბანი შპს "ტაქსის" ყოფილი შენობიდან ზ. ჭავჭავაძის 48/46-ში გადაბარგდა კერძო პირის სახლში. ასევე, კერძო სახლი დაუქირავეს #106 (აბაშიძის #14), #108 (ფარნავაზ-მეფის #52) და #122 (გელათის #160) უბნებს.
"ოფისები ერთი თვით დავიქირავეთ და ქირის ხარჯებს ცესკო ფარავს," - განმარტავს ოსეფაიშვილი. მისივე ინფორმაციით, ქირის ხარჯები თითოეულ ბინაზე 50-დან 250 ლარამდე მერყეობს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქუთაისში ამ დროისთვის 126 საარჩევნო უბანია გახსნილი, 5-ით მეტი წინა არჩევნებთან შედარებით.
"უბნების რაოდენობა გაიზარდა კანონში შესული ცვლილებების გამო, რომლითაც თითოეულ უბანში უნდა იყოს არაუმეტეს 1500 ამომრჩეველი," - აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი. კანონის შესაბამისად გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისთვის ქუთაისში დამატებით კიდევ 3 უბნის შექმნა იგეგმება.
126 უბანი 10 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქშია გადანაწილებული. ყველაზე დიდი დაბნეულობა ქუთაისის მოსახლეობაში სწორედ აღნიშნული ოლქების საზღვრებმა გამოიწვია.
"გამარჯვების მუნიციპალიტეტს ვეკუთვნი და ავტოქარხნის მაჟორიტარი უნდა ავირჩიო", "უქიმერიონის მუნიციპალიტეტში ვცხოვრობ და ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარულ ოლქს მიმამაგრეს" - ამ ტიპის განცხადებებს ქუთაისელებისგან ბოლო პერიოდში ხშირად მოისმენთ.
"ჩვენ თავიდან განსაზღვრული გვქონდა, რომ ეს ათი ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქი შექმნილიყო იმ მუნიციპალიტეტების დაქვემდებარების შესაბამისად, როგორც არის დაყოფილი ქალაქი, მაგრამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამაზე განაცხადა უარი: გვითხრეს, რაც შეიძლება შეჩეხეთ საზღვრები, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყოს ნაკლებად შესაძლებელი და მუნიციპალიტეტს არ ჰქონდეს გავლენის მოხდენის საშუალებაო. შესაბამისად, მოხდა რაღაც-რაღაცეების გადაადგილება. ერთადერთი, სადაც ცვლილება ვერ განვახორციელეთ და დაგვეთანხმნენ ამაზე, ეს იყო საფიჩხია, რადგან ეს განსხვავებული განლაგების უბანია, პრაქტიკულად მხოლოდ ერთი მიმართულებითაა გაშენებული," - განმარტავს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
საარჩევნო უბნების უმრავლესობა ქუთაისში (45 უბანი) საჯარო სკოლების შენობებშია შექმნილი და აღნიშნულ უბნებში კომისიებს, ძირითადად, შესაბამისი სკოლების დირექტორები თავმჯდომარეობენ. 28 უბანი ბაგა-ბაღებისა და საბავშვო ბაღების შენობებშია განთავსებული. სხვა უბნები კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სხვა შენობა-ნაგებობებში. სხვათაშორის, შეერთებულ შტატებში საარჩევნო უბნები, ძირითადად, სხვადასხვა კონფესიის ეკლესიების შენობებშია განთავსებული. ამ მხრივ, ჩვენ ხელისუფლებას, რომელიც თავს პრო-ამერიკულად აცხადებს, შეიძლება ითქვას, ზღვა რესურსი აქვს ასათვისებელი.
მაია მეცხვარიშვილი
ქუთაისიდან

1 Responses:

ნინო Says:

საინტერესო სტატიაა. საარჩევნო უბნები ჩვენთანაც (ახალციციხ მუნიციპალიტეტშიც) სკოლებსა და საბავშვო ბაღის შენობებშია განთავსებული.

დირექტორებზე რა გითხრათ, მაგრამ ჩვენთან არის უბნები სადაც კომისიის წევრები სულ ერთი გვარის ხალხი, ანუ ერთმანეთის ნათესავებიმ ერთი ოჯახის წევრები არიან.
ერთ-ერთ უბანზე კომისიის თავმჯდომარე სოფლის რწმუნებულის დედაა.