0
საარჩევნო კამპანია "ნაციონალურ" ექსტერიერში
საარჩევნო კამპანია "ნაციონალურ" ექსტერიერში
5/16/10
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქუთაისში პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩვენო კამპანია გაააქტიურეს. ოპოზიციური სპექტრი მმართველ პარტიასთან მიმართებაში არათანაბარ პირობებზე საუბრობს, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნებამდე 17 დღით ადრე, აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით არც ერთი საჩივარი არ შესულა.
ქუთაისის ყველა უბანში ამ დროისთვის მხოლოდ "ერთიანი ნაცონალური მოძრაობის" საარჩევნო პლაკატები და ბილბორდებია გამოფენილი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიდან მხოლოდ ერთადერთ კანდიდატს - დავით დვალს აქვს საარჩევნო ბილბორდი გამარჯვების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სახელით იყრის კენჭს, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
საარჩევნო ბლოკის "ალიანსი საქართველოსთვის" მაჟორიტარი კანდიდატი ვიკა ნაკაშიძე ამბობს, რომ მასაც ჰქონდა ბილბორდის განთავსების სურვილი თავისი მაჟორიტარული ოლქის (ნიკეას ოლქი) ტერიტორიაზე, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ნაკაშიძე აცხადებს, რომ მისი სხვა მცდელობაც, ნიკეას მაჟორიტარულ ოლქში აეღო ფართი შტაბის განსათავსებლად, ასევე, დაიბლოკა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მმართველი პარტიის მხრიდან.
"ნიკეაზე მქონდა მცდელობა, რომ ამეღო ოფისი ქირით. მოძებნილი მყავდა კერძო მესაკუთრე, შევთანხმდით ფასზე და ყველა სხვა პირობაზე. თუმცა, ჩვენი შეთანხმებიდან მე-3 დღეს, მან უარი მითხრა იმ მოტივით, რომ თითქოს უკვე გააქირავა ფართი, მაგრამ ეს შენობა დღემდე დაკეტილია. მოხდა ისე, როგორც ხდება ყოველთვის: მას "ურჩიეს", რომ ფართი არ მოექირავებინა ჩემთვის," - ამბობს ნაკაშიძე და იქვე აგრძელებს: "მინდოდა ნიკეას ქუჩის დასაწყისში განმეთავსებინა ჩემი ბილბორდი. მივაკითხე ყველა სამსახურს, ვისაც შეიძლებოდა პასუხი გაეცა ჩემთვის: არქიტექტურას, მიწის მართვას, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებს არეგულირებენ, მაგრამ ვერავინ გამცა პასუხი. მათგან მოვისმინე მხოლოდ ის, რომ არ იციან, ვინ არის ამ ბიზნესის მესაკუთრე ქუთაისში. ორი დღის შემდეგდ კი გაჩნდა რეკლამები ამ ბილბორდებზე და დაიფარა ის ფართები". როგორც გავარკვიეთ, ნაკაშიძეს ბილბორდის ნებართვისთვის მერიის დასახელებული სამსახურებისთის წერილობით არ მიუმართავს და შესაბამისად, უარიც მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიიღო. ამის მიზეზად დეპუტატობის კანდიდატმა ათდღიანი ვადა დაასახელა, რასაც ნებისმიერ წერილობით განცხადებაზე პასუხის გასაცემად ითხოვენ მერიიდან.
"წერილობითი მიმართვა დროში შეზღუდვა იქნებოდა და ისედაც, აზრს კარგავდა ჩემი მცდელობა. ასევე, აზრი არ აქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრით მიმართვას: მათი მხრიდან რეაგირებას არ ველოდები. თავიდანვე შეჩვეული ვიყავი, რომ უთანასწორო ბრძოლაში ვიქნებოდი. შტაბის აღებაზე და ბილბორდის გაკვრაზე უკვე აღარ ვფიქრობ. ერთადერთი გზა მრჩება, რომ ფეხდაფეხ შემოვიარო ყველა კორპუსი და პირადად, შევხვდე ყველა ამომრჩეველს," - ამბობს ვიკა ნაკაშიძე.
სამაგიეროდ, "ქრისტიან-დემოკრატებს" საარჩევნო კამპანიის წარმართვისა და შეხვედრების ორგანიზების კუთხით მსგავსი პრობლემები არ ექმნებათ. მაგალითად, გასულ კვირას, "მწერალთა სახლის" დარბაზში, ოფიციალური ვერსიით, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" შეხვედრა მოეწყო, თუმცა, როგორც გაირკვა, შეხვედრის ორგანიზატორები, ისევე, როგორც იქ შეკრებილი საზოგადოების დიდი ნაწილი, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ. იუსტიციის საბჭოს წევრმა ნიკა ლალიაშვილმა, რომელიც იმავდროულად "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერია, ქუთაისელ ადვოკატებთან შეხვედრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ აღნიშნულ შეკრებას პარტიულ შეხვედრასთან კავშირი არ ჰქონდა. იგივე გაიმეორა ჩვენთან საუბარში ამავე მოძრაობის პარტიული სიის პირველმა ნომერმა ქუთაისში დავით დვალმა. სამაგიეროდ, სიის მეორე ნომერმა - გიორგი შავგულიძემ იმავე დღეს ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ შეხვედრა "ქრისტიან-დემოკრატების" ორგანიზებით მოეწყო, თუმცა ჩატარდა "ადვოკატთა ასოციაციის" სახელით. შავგულიძე აცხადებს, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შენობის დარბაზის დაქირავების დროს მათ პარტიას პრობლემები არ შექმნია.
"ეს ადვოკატების შეხვედრა იყო, მაგრამ "მწერალთა სახლის" დირექტორს დარბაზის დაქირავების თხოვნით მიმართა ჩვენმა პარტიამ. დირექტორმა უპრობლემოდ დაგვითმო ფართი და ამდენად, ამ შეხვედრის ორგანიზების დროს პრობლემები არ გვქონია," - ამბობს გიორგი შავგულიძე. მისივე თქმით, ერთადერთი შემთხვევა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა, როდესაც მათ უარი ეთქვათ პარტიული შეხვედრის გამართვაზე.
"30 აპრილს, სახელმწიფო უნივერსიტეტში გვინდოდა ჩაგვეტარებინა ჩვენი კანდიდატების წარდგენა. მივმართეთ რექტორატს, სადაც განგვიცხადეს, რომ უნივერსიტეტი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური იდეებისა და მოწოდებისგან თავისუფალი უნდა იყოს. ჩვენ ამაზე პრობლემა არ გვქონია, დაახლოებით იგივე მოცულობის იყო კინოთეატრ "სულიკოს" დარბაზი, სადაც განხორციელდა წარდგენა," - ამბობს შავგულიძე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიასთნ მიმართებაში არათანაბარი პირობების ფაქტებზე ვერ საუბრობს, მაინც აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანია უთანასწორო პირობებში მიმდინარეობს, რადგან სახელისუფლებო რესურსი მათ ხელშია. ამის ერთ-ერთ მაგალითად "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ცენტრალურ მოედანზე ჩატარებულ გრანდიოზულ მიტინგს ასახელებს, სადაც პარტიამ თავისი საარჩევნო სუბიექტები წარადგინა. თუმცა, "ქრისტიან-დემოკრატებში" აცხადებენ, რომ ანალოგიურ ადგილას შეხვედრის ჩატარება მათთვის არავის შეუზღუდავს.
"ჩვენ პომპეზურობას ვერიდებით. ჩვენ თვითონ შევზღუდეთ ჩვენი თავი, რომ ასეთი მიტინგი მოგვეწყო. შეიძლებოდა, ჩვენი წარდგენა მესხიშვილის თეატრში ჩაგვეტარებინა, ადამიანური რესურსის პრობლემა ნამდვილად არ გვაქს, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩვენი პარტიის ფინანსურ შესაძლებლობებთან. "სულიკო" გაცილებით დაბალ ტარიფს აწესებს. მოედანზე გასვლის სურვილი კი ნამდვილად არ გვქონდა, რადგან ჩვენ მოხსენებაც გვქონდა გასაკეთებელი. მიტინგომანია ჩვენი პარტიის მიზანს არ წარმოადგენს," - ამბობს შავგულიძე.
"ეროვნული საბჭოს" მიზნებში კი, როგორც ირკვევა, ამ დრომდე აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმართვა არ შედიოდა. "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ქუთაისის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები ჯერ არ აქვთ დაწყებული. მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას კი მხოლოდ პარტიის ოფისის შენობით შემოიფარგლნენ და საზოგადოებისათვის მათი გაცნობა მედიის საშუალებით სცადეს.
"თანაბარ პირობებში როგორ ვიქნებით?! მაგრამ უფრო კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ჯერ არ დაგვიწყია აქტიური კამპანია და მოსახლეობასთან შეხვედრები," - ამბობს "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ქუთაისის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიზო ბანძელაძე. მისგანვე გავარკვიეთ, რომ საარჩევნო პლაკატების გაკვრას აღნიშნული მოძრაობა ქუთაისში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ფაზაში აპირებს: "ეს ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომ უფრო მეტი ეფექტი ჰქონდეს საბოლოოდ," - ამბობს გიზო ბანძელაძე.
"ქრისტიან-დემოკრატები" კი აცხადებენ, რომ ქალაქის ქუჩებში პლაკატების განთავსება უსახსრობის გამო ვერ შეძლეს. თუმცა, როგორც ამბობენ, მმართველმა პარტიამ ისინი ამ კუთხით უკვე შეზღუდა, რადგან ყველგან მათი სააგიტაციო მასალებია გაკრული.
"ჩვენ განვიცდით ფინანსურ სიმწირეს და აქედან გამომდინარე, ვერ შევძელით დროულად მიგვეწოდებინა მოსახლეობისათვის პლაკატები. შეზღუდვა უკვე გვაქვს იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ყველა ადგილი და ყველა კუთხე აქვს დაკავებული. ამის გამო, შესაძლოა, ჩვენს აქტივისტებს კიბით სიარული მოუხდეთ, რომ ზემოთ გააკრან ჩვენი პლაკატები," - ამბობს გიორგი შავგულიძე.
"ნაციონალებს" თითო ბოძზე სამ-სამი პლაკატი აქვთ მიკრული. შევეცდები რაიმე ადგილი მაინც გამოვძებნო," - ამბობს ვიკა ნაკაშიძე.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე საარჩევნო პლაკატებისა და სააგიტაციო მასალების გაკვრას "საარჩევნო კოდექსი" არეგულირებს. ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2010 წლის 30 მარტის #320 განკარგულებით (ცესკოს მოთხოვნით), ქუთასის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა დაამტკიცა, რომლებზეც საარჩევნო პლაკატების და სხვა სააგიტაციო მასალების გაკვრა იკრძალება. მათ შორისაა ქუთაისში არსებული 127 უძრავი ძეგლი. ასევე, აკრძალულ ტერიტორიებს შორისაა: საფიჩხიის მოედანი, მწვანეყვავილას პანთეონი, ჯაჭვის ხიდი, თეთრი ხიდი, წითელი ხიდი, მდ. რიონის სანაპირო ზოლი. საარჩევნო მასალების გაკვრა იკრძალება ქალაქში არსებულ ქანდაკებებზე (60 ქანდაკება) და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და უძრავ ძეგლებზე (23 ობიექტი). ქალაქში არსებულ სხვა შენობა-ნაგებობზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა არ იზღუდება.
თეა ზიბზიბაძე
ქუთაისიდან
Posted in: წინასაარჩევნო კამპანია | 0 Comments | Email This
Subscribe to:
Post Comments (RSS)
0 Responses to "საარჩევნო კამპანია "ნაციონალურ" ექსტერიერში"
Post a Comment