0

"ნაციონალების" ღია და ფარული ადმინისტრაციული რესურსები

5/22/10

ქუთაისში, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო სუბიექტების პარალელურად, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები წარმართავენ. ოფიციალურად, ხელისუფლების წარმომადგენლები შვებულებით სარგებლობენ, თუმცა საშვებულებო პერიოდს, არაოფიციალურად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბებში მოღვაწეობას უთმობენ.
ქუთაისის მერიაში 516 ადამიანია დასაქმებული, აქედან 77 თანამშრომელი შვებულებაშია, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან კი, შვებულებით 14 თანამშრომელი სარგებლობს (მათ შორისაა იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, პირველი მოადგილე გიგა შუშანია და კიდევ ერთი მოადგილე გრიგოლ მატარაძე). ამ ადამიანებმა ადმინისტრაციული შენობებიდან "ნაციონალური მოძრაობის" შტაბებში გადაინაცვლეს. ადგილობრივ მთავრობაში შემორჩენილი პირები კი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ადგილობრივ ბიუჯეტში "აღმოჩენილი" ფულადი რესურსებით, სხვადასხვა სახის სამუშაოებსა და აქტივობებს ახორციელებენ სახელისუფლებო პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ.
წინასაარჩევნო პერიოდში ქუთაისის მერიამ (სადაც მერისა და პირველი მოადგილის თანამდებობები ვაკანტურია და ერთადერთ ხელმძღვანელ პირად ვიცე-მერი დავით გორდელაძეა შემორჩენილი) დამატებითი სახსრები გზების რეაბილიტაციისთვის, ატრაქციონების მოწყობისთვის, გარე განათების დამონტაჟებისა და სხვა მსგავსი სამუშაოებისთვის გამოძებნა.
"არჩევნების დაწყების დღიდან არჩევნების დამთავრებამდე, აკრძალულია ნებისმიერი ახალი ტრანსფერის გამოყოფა და ახალი პროექტის განხორციელება, მაგრამ მთავრობამ ეს ყველაფერი დაგეგმა ისე, რომ კანონის ძალით ვერ შეედავები: თითქოს ტენდერებით თანხები დაზოგეს და ეს თანხები ახალ სამუშაოებზე გადაანაწილეს. თუმცა, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, მაჟორიტარ კანდიდატებს შორის პირდაპირ მიდიოდა ამ თანხების გაყოფა, იმ პრინციპით, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებში რას სახის სამუშაოები ესაჭიროებოდათ და რას იყვნენ მოსახლეობისთვის დაპირებულნი," - ამბობს საკრებულოს წევრი და "ალიანსის" მაჟორიტარი კანდიდატი ვიკა ნაკაშიძე.
შესაბამისად, ქუთაისის თითქმის ყველა უბანში გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს, მონტაჟდება გარე განათების წერტილები. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მტკიცებით, აღნიშნულ სამუშაოებს მმართველი პარტიის სახელით მერიის სამსახურებიდან შვებულებაში გასული პირები წარმართავენ და ხელმძღვანელობენ. ნიკეას მაჟორიტარულ ოლქში "ალიანსი საქართველოსთვის" მაჟორიტარი კანდიდატი ვიკა ნაკაშიძე აცხადებს, რომ ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, პირადად იხილა ნიკეას მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია, რომელიც აღიშნულ უბანში გზების სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ღვინჯილია ამ დროისთვის სამსახურებრივ შვებულებაში იმყოფება და "ნაც. მოძრაობის" შტაბის წარმომადგენელია.
"თუ ბიუჯეტის თანხებით აკეთებს, მაშინ თანამდებობაზე უნდა იყოს, თუ არა, მაშინ პირდაპირ დარღვევაა კანონის, რადგან 73-ე მუხლით საარჩევნო სუბიექტს ეკრძალება სამუშაოების ჩატარება," - ამბობს ნაკაშიძე.
კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და რომლის განხორციელება ადგილობრივმა მთავრობამ სწორედ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაიწყო, პროგრამა "კორპუსია". აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა გასულ წელს უნდა განხორციელებულიყო, ბიუჯეტში შესაბამისი თანხებიც იყო განსაზღვრული, თუმცა გასულ წელს პროგრამა თანხების არარსებობის გამო ჩავარდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში, გარდა პროგრამის გაზრდილი დაფინანსებისა, გაიზარდა მის განსახორციელებლად გამოყოფილ კოორდინატორთა რაოდენობა. თუკი გასულ წელს მხოლოდ 3 კოორდინატორი იყო განსაზღვრული, მიმდინარე წლის ბიუჯეტში მათი რაოდენობა 100-მდეა გაზრდილი, ხოლო მათთვის გათვალისწინებული სახელფასო ფონდი 253 058 ლარს შეადგენს. ოპოზიცია პროგრამა "კორპუსს" ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აფასებს "ნაციონალების" მხრიდან. საფიჩხიის ოლქში "ალიანსი" მაჟორიტარი კანდიდატის იპოლიტე ამბროლაძის მტკიცებით, მის სამაჟორიტარო ოლქში აქტიურად ხდება "კორპუსების" გადახურვისთვის განკუთვნილი გადასახური მასალის დარიგება მოსახლეობაში, რაც "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სუბიექტების სახელით კეთდება. იპოლიტე ამბროლაძე საფიჩხიის ოლქში საარჩევნო კომისიის წევრებზე განხორციელებული მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობს. მისი მტკიცებით, მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა ბესო ბრეგაძემ #35 საუბნო საარჩევნო კომისიაში "რესპუბლიკური პარტიის" კომისიის წევრი ჯემალ ძოწენიძე გადაიბირა იმ პირობით, რომ რუსთავის კოლონიაში მყოფი მისი პატიმარი შვილის ქუთაისის ციხეში გადმოყვანას უზრუნველყოფდა.
"ამ ხალხს რომ ფანტაზიის უნარი ჰქონდა, ვიცოდი, მაგრამ ასე შორს თუ წავიდოდნენ, არ მეგონა. წარმოდგენა არა მაქვს ამ ფაქტის თაობაზე," - აცხადებს ბესო ბრეგაძე.
"15 მაისს ამოიწურა კომისიის წევრების გამოცვლის ვადა. ამიტომ ახლა "ნაციონალები" ჩვენი კომისიის წევრებზე ზეწოლას და მოსყიდვას ახორციელებენ, შეცვლის საშუალება კი აღარ გვაქვს," - ამბობს იპოლიტე ამბროლაძე.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მმართველი პარტიის საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის სხვა ფაქტებზეც საუბრობენ. კერძოდ, "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენელთა თქმით, მასობრივად ხდება სხვადასხვა საჯარო სამსახურის მოხელეების მიერ "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ აგიტაცია-პროპაგანდის წარმოება.
"ისინი ამომრჩევლებს, მათი კანდიდატის მხარდაჭერის შემთხვევაში, 25 ლარიან სამედიცინო ვაუჩერს და 50 ლარიან ფულად დახმარებას პირდებიან, რომელიც განცხადების საფუძველზე ერთჯერადად გაიცემა," - ამბობს "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენელი გიზო ბანძელაძე. თუმცა, კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებმაც აღნიშნული შეთავაზება მიიღეს, ვერ ასახელებენ. ამბობენ, რომ მათი უსაფრთხოება დაცული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ "ახალი გაზეთი" კონფიდენციალობის დაცვას დაჰპირდა, ინფორმაცია მათი ვინაობის შესახებ "ეროვნულამ საბჭომ" არ მოგვაწოდა. აღსანიშნავია, რომ "ეროვნულმა საბჭომ" ზემოხსენებული ბრალდებით სარჩელი საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა, თუმცა საოლქომ მტკიცებულების არარსებობის გამო, ის არ დააკმაყოფილა. "ეროვნული საბჭოს" სარჩელი ერთადერთია, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ბრალდებით შევიდა.
ოპოზიციამ გასულ კვირას კიდევ ერთი ფაქტი გაახმიანა. "ალიანსმა" ჟურნალისტებს ქუთაისის მერის #779 ბრძანება გააცნო, რომლითაც ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 94 530 ლარი გამოიყო ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების დასაჯილდოვებლად. აღნიშნული თანხა 822 თავმჯდომარეზე გადანაწილდა (თითოეულზე 115 ლარის ოდენობით). "ალიანსელების" მტკიცებით, ამ ადამიანების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის აქტივისტები და კოორდინატორები არიან თავიანთ უბნებში. ასევე, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მათი ნაწილი საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებიც არიან. მაგალითად, სულხან-საბას დასახლებაში მერიის ჯილდო ამხანაგობის 43 თავმჯდომარეს ერგო წილად: ორი მათგანი საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრი აღმოჩნდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" (ვახტანგ ახვლედიანი - #83 უბანზე, ზურაბ მარგველაშვილი - #87 უბანზე), ორი კი - საუბნო კომისიაში საოლქოს მიერ დანიშნული წევრია (ასმათ ერისთავი - #87 უბანზე, ლიზა ხვიჩია #125 უბანზე).
"როგორც გავარკვიე, თანხის გაცემა ამ ადამიანებზე ბანკებში 20 მაისიდან დაიწყო, ანუ არჩევნების წინ. ამ ადამიანების მოსყიდვა, კეთილგანწყობის და მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ბიუჯეტის სახსრების გამოყენება ასე მასშტაბურად, არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მას სხვა შეფასება არ შეიძლება მიეცეს," - ამბობს ვიკა ნაკაშიძე.
ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტების თაობაზე შესაბამისი საჩივრების მომზადებას, მედიისთვის მიწოდებას ამჯობინებს. ამბობენ, რომ საჩივრის შეტანას აზრი არ აქვს, რადგან საოლქო საარჩევნო კომისია მათ მაინც არ დააკმაყოფილებს. საქმე ის არის, რომ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში, 21 მაისის მონაცემებით, 3 საჩივარია შესული, თუმცა კომისიას დამაკმაყოფილებელი ვერდიქტი არც ერთ მათგანზე არ გამოუტანია.
თეა ზიბიზბაძე
ქუთაისიდან

0 Responses to ""ნაციონალების" ღია და ფარული ადმინისტრაციული რესურსები"