0
საარჩევნო გზავნილები "პრობლემის გამოკვეთის" პრინციპით
საარჩევნო გზავნილები "პრობლემის გამოკვეთის" პრინციპით
5/22/10
"საარჩევნო-სარეკლამო კულტურა, ისეთივე ფორმირების პროცესშია, როგორც - ელექტორატის სამოქალაქო პოზიცია," - ამბობს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი. ფორმირების სხენებული პროცესი ჩანს და სიტყვასიტყვით აისახება როგორც მოქალაქეთა არჩევანში, ისე - სარეკლამო პლაკატებში და სლოგანებში და ზოგჯერ წინააღმდეგობებსაც ბადებს.
აი, მაგალითად, ალასანია თავის საარჩევნო პლაკატზე აღმართული ცერით ეგებება ამომრჩეველს. ცერის აღმართვა, ზოგადად, დადებითის, პოზიტიური ნიშანია. თუმცა ამ დადებითს და პოზიტიურს ნაკლებად შეეფერება კანდიდატის სახის გამომეტყველება. წარბშეკრული, თითქმის მჭვუნვარე იერი ამძიმებს კანდიდატის მზერას: ჟესტი ნაკლებად ედრება გამომეტყველებას. როგორც ჩანს, ამ ჟესტს ვერ შეელია, თუცმა ჟესტის შესაფერი, ანუ გახარებული და ბედნიერი გამომეტყველება ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, არ შეეფერება ქართველ კანდიდატს და მერობის მსურველს, ამიტომ გამოვიდა წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი ხელის ჟესტი და სახის გამომეტყველება.
ალასანიასგან განსხვავებით, ჟესტებს უფრო აკონტროლებს გიგი უგულავა. ხელების აქტიური და ღია მოძრაობით ცდილობს გახსნილობა და ამასთან ერთად, ძალაუფლება გამოხატოს. თუმცა, თავდავიწყების მომენტებში ხელებს მუშტად კრავს და ჩაკეტილ ფორმას აძლევს. სამაგიეროდ, სლოგანი აქვს მმართველ პარტიას ისეთი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში გამოადგება: "გასაკეთებელი კიდევ ბევრია" - თავის მართლების შინაარსის შემცველია. თუკი ვინმე ჩამოუთვლის, უსაყვედურებს და გააკრიტიკებს გაუკეთებელი და განუხორციელებელი საქმეებისა და შეპირებების გამო, "ნაციონალებს" შეუძლიათ არც პოლემიკაში შევიდნენ და არც კონფლიქტი ატეხონ, პირდაპირ სლოგანი შეაგებონ - "გასაკეთებელი კიდევ ბევრია" და საკითხიც იხურება, კამათი აზრს კარგავს.
შეიძლება ამიტომაც ხელისუფლებას მაინცდამაინც არ ეკამათებიან "თოფაძე-მრეწველების" წარმომადგენლები. ხელისუფლების კრიტიკას, მართალია, აჟღერებენ საკუთარ გამოსვლებში, თუცმა უფრო - შევარდნაძის ხელისუფლების. იქამდე, აჩვენებს კიდეც ედუარდ შევარდნაძეს და მის ფონზე საკუთარ უმწიკვლობას უსვამს ხაზს "მრეწველების" ლიდერი. სიმძიმის ცენტრად სიტყვა - "საქმეს" არჩევს. სხვათაშორის, ეს სიტყვა დომინირებდა წინა არჩევნების დროს "ნაციონალების" სლოგანში. თოფაძეც ცდილობს საქმეზე ლაპარაკს, საქმის ჩვენებას, სლოგანადაც სიტყვა "საქმეს" ორჯერ აჟღერებს.
საქმიანები არიან "ქრისტიან-დემოკრატებიც" და ამაზე ხაზგასასმელად უამრავი ციფრით და გამოთვლით გაჯერებულ რეკლამებს თავაზობენ ამომრჩევლებს, აჩვენებენ ტომებს, სადაც მათი ნაფიქრი და ნაღვაწია თავმოყრილი, აჩვენებენ პარლამენტში გამოსვლის ჩანაწერებს, სადაც აკრიტიკებენ ხელისუფლებას საქმიანად. თვით ხმის ტემბრიც საქმიანი და პატიოსან მემარჯვენეს რომ შეეფერება, ისეთი აქვთ. ერთნაირ და დაბალ ტარიფებს, ანუ ძმობას, ერთობას და თანასწორობას თავაზობენ ამომრჩეველს და მემარცხენე ორიენტაციას ურევენ მათ პოლიტიკურ პლატფორმაში.
ზოგადად, ორიენტაციები სხვებთანაც არეულია. მაგალითად, ხელისუფლება ორ ორიენტაციას შორის არის გაჩხერილი. იგი ხელისუფლებაში მემარცხენე იდეოლოგიით მოვიდა, მერე მემარჯვენეზე მოუწია გადასვლა. წლევანდელ საარჩევნო შეპირებებში კვლავ მემარცხენეს უბრუნდება.
სამაგიეროდ, თავისი ორიენტაცია, თუმცა სხვა კუთხით, გარკვეული აქვს "ეროვნულ საბჭოს". მას ვექტორი ჩრდილოეთისკენ აქვს მიმართული და იდეოლოგიასაც ამაზე აწყობს. ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც იდეოლოგიას აჟღერებს. განსხვავებული იდეოლოგია კი აგრესიის ფორმით და ზოგადი მინიშნებებით გამოიხატება საქრთველოში. შესაბამისად, რეკლამებიც და სლოგანიც აგებულია აგრესიასა და მწვავე კრიტიკაზე. ზოგადი ხასიათის, პათეტიკურ-იგავურ ენას მიმართავს, მისთვის მნიშვნელოვან იდეალებზე აქცენტირებს - ბრძოლაზე, გამარჯვებაზე, ძალაზე და უკმაყოფილო ელექტორატის ერთიანობაზე, ხალხზე, რომელსაც უკმაყოფილება აერთიანებს. უკმაყოფილებაზე აქცენტირება ჯერჯერობით მომგებიანი შეიძლება იყოს საქართველოში. ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფი სამოქალაქო საზოგადოება "უმეტესად არჩევანს აკეთებს უკმაყოფილების ნიადაგზე და არა იმის მიხედვით, თუ ვინ ახდენს მისი პრინციპების, პოლიტიკური შეხედულებების არტიკულაციას," - მიაჩნია თეო ხატიაშვილს.
ეროვნული მოძრაობიდან გამოსული ზვიად ძიძიგური ხალხთან ურთიერთობის და მესიჯების იგივე ფორმას იყენებს: ემოციებზე აპელირებს და მტრის ხატის წარმოსახვაზე მუშაობს.
ასევე, კოკო გამსახურდიას პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება" ბრძოლებში ნაწრთობ დროშაზე აპელირებს და მიძინებული ვნებების გაღვიძებას ცდილობს.
იგი თითქოს 20 წლის წინანდელის გამეორებას ცდილობს. იმ ფორმის კოპირებას, რითაც საერთოდ დაიწყო დამოუკიდებელმა საქართველომ თავისი "საარჩევნო მარათონი".
20 წლის წინ ზოგადი, ეროვნული იდეალები ისმოდა და ქვეყნის მომავალიც ამ ჭრილში განიხილებოდა. მერე ეროვნული მოტივები მშვიდობის სურვილმა შეცვალა - "მშვიდობა და სტაბილურობა", შემდეგ "სტაბილურობიდან - კეთილდღეობამდე" გახდა მთავარი მოთხოვნა. "დემოკრატია და ეკონომიკური რეფორმები", "ძლიერი პრეზიდენტი - ძლიერი ოჯახი" - ეს ის სლოგანებია, რასაც შევარდნაძის ხელისუფლება "ამესიჯებდა" თავის ელექტორატთან. ზოგადი და ბუნდოვანი შეპირებები ცხადდებოდა ამ მესიჯებიდან. სამაგიეროდ, ოპოზიციას გააჩნდა იმ პერიოდისთვის მეტი კონკრეტული მოთხოვნა: "საქართველო - შევარდნაძის გარეშე" და "საქართველო - კორუფციის გარეშე". მარტო "რას" არ თავაზობდა საზოგადოებას, არამედ "როგორსაც" აჩვენებდა. ხელისუფლების კრიტიკა სწორი ფორმით მიდიოდა. ყველა იმ კრიტიკული რეპორტაჟის და გადაცემის, აქციის თუ გამოსვლის უკან, რაც იმ პერიოდში იმართებოდა, ეს ახალგაზრდა რეფორმატორები იდგნენ. მათი ღირებულებები ეფუძნებოდა დემოკრატიულ პრინციპებს, იყო კონკრეტულობა და საქმის ცოდნა. როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, კარგად მუშაობდა. "ვარდების რევოლუციის" წარმატების ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, სწორედ ამაში იყო - ადამიანები გააერთიანა არა მხოლოდ უკმაყოფილებამ, არამედ - მკაფიო მესიჯებმა, რომელიც ახალგაზრდა რეფორმატორი პოლიტიკოსებისგან მოდიოდა - მკვეთრი ცვლილებები დემოკრატიისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე", - ამბობს თეო ხატიაშვილი. თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათი მესიჯებიც ზოგადი და ბუნდოვანი გახდა: "საქართველო სიღარიბის გარეშე", "საქმე ლაპარაკის ნაცვლად". სამაგიეროდ, 2008 წლის არჩევნებზე ოპოზიციამ შეაგება კონკრეტული მესიჯი: "საქართველო - სააკაშვილის გარეშე". თუმცა ამ სლოგანმა ვეღარ იმუშავა. ხელისუფლება არ შეცვლილა, არც 2008 წლის საპრეზიდენტო და არც საპარლამენტო არჩევნებზე. "განმეორება ცოდნის დედაა", მაგრამ, როგორც ჩანს, ნაკლებად უწევს "დედობას" არჩევნებში მოგების და ძალაუფლებაში მოსვლის მსურველებს.
თუმცა პრინციპი - მეტი კონკრეტულობა - მაინც ძალაში დარჩა და აისახა წლევნდელ საარჩევნო მესიჯებში. "მე მგონია, რომ სლოგანის, ისევე როგორც მთელი საარჩევნო კამპანიის ნეგატივზე აგება, მაინც უკვე არაეფექტურია საქართველოში, რადგან გასული წლის მაისის პოლიტიკურმა კრიზისმა, ერთის მხრივ, საზოგადოებაში მეტი ნიჰილიზმი გამოიწვია, მეორეს მხრივ კი, პოლიტიკოსები დააყენა იმის აუცილებლობის წინაშე, რომ მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკით ვერ დაიკავებ მის ადგილს, თუ არ გაქვს განსაზღვრული საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა - ის, თუ რას შესთავაზებ სანაცვლოდ ხალხს", - მიაჩნია თეო ხატიაშვილს.
2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიები "საჭიროებებზე არიან ორიენტირებულნი და ნაკლებად - იდეოლოგიაზე. ცდილობენ მეტი პრობლემის გამოკვეთას, შესაბამისად, მეტი ადამიანის ჩართვას და ამით მეტი ხმის მიღებას", - ამბობს სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია "პირველი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში. "მეტი პრობლემის გამოკვეთა" - ამ პრინციპზეა აგებული ყველა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო გზავნილი, იქამდე, მმართველი პარტიისაც: "გასაკეთებელი კიდევ ბევრია" ნიშნავს, რომ "პრობლემა კიდევ ბევრია". ელექტორატის შემოკრების მიზნით, ხელისუფლება იძლებულია და მზადაა ეს აღიაროს. ბევრი პრობლემის აღიარებას ბევრი ამომრჩეველი მოყვება. მმართველი პარტია მათ ამ პრობლემების მოგვარებას პირდება. არადა, "სახელმწიფოს არ ევალება ხალხის დასაქმება. როდესაც სახელმწიფო ადამიანებს სამუშაოს აძლევს, იქ დიქტატურა მყარდება, ასე იყო სტალინის და ჰიტლერის შემთხვევაში. სახელმწიფოს ევალება გარემოს და პირობების შექმნა, სადაც კერძო სექტორი განვითარდება", - მიაჩნია მწერალ დავით ტურაშვილს. ანუ ხელისუფლება შეასრულებს თუ არ შეასრულებს ამ დაპირებებს, ხალხს ორივე შემთხვევაში, ალბათ, პრობლემები არ აცდება.
კარგია გააზრებულად შემუშავებული რეკლამა, მეტი კონკრეტულობა, კარგად მოფიქრებული საარჩევნო პროგრამა და დაპირებები, მაგრამ, ალბათ, მაინც მთავარია იმის განსაზღვრაც, თუ ვინ გპირდება ამას და რამდენად რეალურია ამ დაპირებების შესრულების პერსპექტივა.
ეკა კუხალაშვილი
ქუთაისიდან
Posted in: რიტორიკის ენა | 0 Comments | Email This
Subscribe to:
Post Comments (RSS)
0 Responses to "საარჩევნო გზავნილები "პრობლემის გამოკვეთის" პრინციპით"
Post a Comment