0

თვითმმართველობის ხიბლი

5/22/10

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში 160 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუმცა რამდენი მათგანი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს 30 მაისს, ეს ზუსტად 8 დღეში გაირკვევა.
ზოგადად, ქუთაისელი ამომრჩევლები დიდი აქტიურობით არ გამოირჩევიან. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, როგორც წესი, 60 ათასამდეც ვერ აღწევს ხოლმე. 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც, 2007 წლის ნოემბრის მოვლენების გამო, საქართველოში პოლიტიკური მღელვარება და აქტივობა პიკს აღწევდა, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 59 104-მა ამომრჩეველემა (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 36%-მა) დააფიქსირა.
ამომრჩეველთა განსაკუთრებით დაბალი რაოდენობა ქუთაისში წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დაფიქსირდა: 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნების დროს ქუთაისში ხმა 52 645-მა ამომრჩეველმა მისცა.
"რა აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას? ამით მაინც არაფერი შეიცვლება," - ასეთია ქუთაისელების უმრავლესობის განწყობა 30 მაისის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. ამ არჩევნებისადმი დაბალ ინტერესს ქუთაისელები რამდენიმე მიზეზით ხსნიან. პირველ რიგში კი, გულისწყრომას იმის გამო გამოხატავენ, რომ თბილისელებისგან განსხვავებით, მათ ქალაქის მერის არჩევის უფლება არა აქვთ: "მარტო თბილისში კი არ უნდა იყოს არჩევით მერი, ქუთაისშიდაც უნდა იყოს და მას ასე ადვილად ვეღარ შეეხება ზემდგომი, როგორც ეს ჩვენს ქალაქში ხდება. რა გამონაკლისია თბილისი? რა პრივილეგიებით სარგებლობს თბილისის მოსახლეობა? ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ და როგორც პრეზიდენტს ვირჩევთ, მერიც უნდა იყოს არჩეული ხალხის მიერ," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები იუზა გიორგაძე.
ქუთაისელებმა პირველად და უკანასკნელად ქალაქის მერი 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს: ქუთაისელების რჩეული მაშინდელი ოპოზიციური პარტიის - "ახალი მემარჯვენეების" მიერ წარდგენილი კანდიდატი ნუგზარ ფალიანი გახდა. ფალიანი ქალაქს 2004 წლის თებერვლამდე მართავდა.
"პირველად შეცდომა იქნა დაშვებული ქუთაისში მაშინ, როცა არჩეული მერი გაათავისუფლეს იძულებით. ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ ფალიანის მერე შვიდი მერი გამოიცვალა ქალაქში," - ამბობს დავით რეხვიაშვილი, "ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უქიმერიონის ოლქში.
2004 წლის თებერვლის შემდეგ ქუთაისს არჩეული მერი აღარ ჰყოლია, უფრო ზუსტად კი, 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ქალაქმა სამი მერის მოვალეობის შემსრულებელი გამოიცვალა. ოთხი წლის წინ ჩატარებული არჩვნების შედეგად ქუთაისელებს მხოლოდ საკრებულოს არჩევის უფლება მიეცა. საკანონმდებლო ცვლილებები ამ კუთხით 2005 წლის 16 დეკემბერს განხორციელდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონი დაამტკიცა. აღნიშნული კანონის თანახმად, საქართველოში თვითმმართველობაზე დაფუძნებული ერთდონიანი ადგილობრივი ხელისუფლების სისტემა ჩამოყალიბდა: რაიონების ბაზაზე შეიქმნა მუნიციპალიტეტები, დიდი ქალაქების მმართველობის ბაზაზე კი დაფუძნდა თვითმმართველი ქალაქები. თვითმმართველი ქალაქების, მათ შორის ქუთაისის, ხელმძღვანელი გახლავთ საკრებულოს თავმჯდომარე. გამონაკლისია მხოლოდ თბილისი, სადაც ხელმძღვანელი პირდაპირი წესით არჩეული მერია, თუმცა დე ფაქტო, სხვა თვითმმართველ ქალაქებშიც ზემდგომ ხელისუფლად მერები განიხილებიან. კანონის თანახმად კი, მერი ხელმძღვანელობს აღმასრულებელ ორგანოს - მერიას და მას კონკურსის წესით, არჩევს და ნიშნავს საკრებულო. საკრებულოსვე აქვს მერის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება, თუმცა ქუთაისში ამ კუთხით მანკიერი პრაქტიკა დაინერგა: 2002 წლის მოწვევის საკრებულომ ქალაქის პირველი პირი ოთხჯერ შეცვალა, 2006 წლის მოწვევის საკრებულომ კი - სამჯერ, თუმცა არც ერთხელ - საკუთარი ინიციატივითა და გადაწყვეტილებით: საკრებულო, როგორც წესი, ფორმალურად აფორმებდა ცენტრალური ხელისუფლების, კერძოდ კი, პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამ კუთხით. არადა, საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს დათხოვნის უფლება აქვს, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი საკრებულოს მოქმედებით საფრთხე ექმნება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპის რეალიზებას საქართველოში, პირველ რიგში, კონსტიტუცია უდევს საფუძვლად, კერძოდ, კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი, სადაც ნათქვამია, რომ "საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ თვითმმართველობის მეშვეობით". ამდენად, თვითმმართველობის არსი, პირველ რიგში, მოქალაქეების ინტერესების დაცვასა და საზოგადოების თანამონაწილეობაში მდგომარეობს.
"საკრებულოს სხდომაში რამდენჯერმე მიმიღია მონაწილეობა, როდესაც იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელშიც ვმუშაობდი, შეიმუშავა რეკომენდაციები და მაშინაც კი, როცა კოალიციურად ვმოქმედებდით, ძალიან ჭირდა ჩვენი ინიციატივების გათვალისწინება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან. როგორც ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს ბევრი ინიციატივა მქონია, მაგრამ არასოდეს მივსულვარ ამისთვის საკრებულოში, რადგან მათი იმედი არა მაქვს," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ვახტანგ კენჭაძე.
საქართველოს კანონმდებლობით, თვითმმართველ ერთეულს გააჩნია ექსკლუზიური, ნებაყოფლობითი და დელეგირებული უფლებამოსილება, რაც მოიცავს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოწესრიგებას ადგილზე, როგორიცაა: მოსახლეობისთვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების გაწევა, მათ შორის, საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფის და მომსახურების წესების დადგენა; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში რესურსების მობილიზება, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება და სხვა. თუმცა, რეალურად თვითმმართველობების ორგანოები ამ ფუნქციების განხორციელებას ცენტრალური ხელისუფლების ჩაურევლად ვერ ახორციელებენ, რადგან თითქმის არც ერთ თვითმმართველ ერთეულს არ გააჩნია საქართველოში ამისათვის საკმარისი ბიუჯეტი, თუკი ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ გაიღო მათთვის "შემოწირულობები" ტრანსფერების სახით.
2010 წლის 30 მაისის არჩევნების შედეგად ქუთაისელებმა 25-წევრიანი საკრებულო უნდა აირჩიონ: 10 - მაჟორიტარული ადგილისთვის აქ 63 კანდიდატი იბრძვის (ორმა მაჟორიტარმა კანდიდატმა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოიხსნა უფლებამოსილება: თეიმურაზ ქორიძემ - "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან" და თემურ ფესტვენიძემ - "თორთლაძე-დემოკრატიული პარტიიდან"), 15 პროპორციული მანდატისთვის კი - 9 პოლიტიკური გაერთიანება. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქუთაისში ხმების 75.05% "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიპოვა, 11.3% - "რესპუბლიკელებმა" და 6.25% - "ლეიბორისტებმა".
მაია მეცხვარიშვილი
ქუთაისიდან

0 Responses to "თვითმმართველობის ხიბლი"