0

"ნაციონალური" აქტივი სადამკვირვებლო მისიებში

5/16/10

იმერეთის ოლქებში დამკვირვებლები შუშანიას სახლის მისამართზე რეგისტრირებული NGO-დან გაიგზავნებიან


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში ამ დროისთვის 21 ადგილობრივი და 7 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. მათ შორის ქუთაისური მხოლოდ ერთი ორგანიზაციაა - "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრი".
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ორგანიზაციის საკონტაქტო პირად მითითებულია დირექტორის მოადგილე ლაშა მურუსიძე. მურუსიძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია არჩევნების დღეს ქუთაისის 126-ვე საარჩევნო უბანში აპირებს საკუთარი დამკვირვებლების მივლინებას. მისგანვე გავარკვიეთ, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ჭანჭალეიშვილია. ჭანჭალეიშვილი, რომელიც შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" მუშაობს კომერციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ქუთაისის რეგიონალური ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, ამჟამად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატია ქუთაისში.
"მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ კრძალავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაციას ცესკოში, რომელსაც ხელმძღვანელობს საარჩევნო კანდიდატი, აღნიშნული ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა ვერანაირად ვერ შეფასდება, როგორც ობიექტური, რადგან ძალიან დიდი რისკია, ეს ორგანიზაცია იმოქმედებს ხელმძღვანელის ინტერესებიდან გამომდინარე," - აცხადებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ნინო თვალთვაძე.
ლევან ჭანჭალეიშვილი მმართველი პარტიის სიის მე-11 ნომერია. აღნიშნულ სიაში ის იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის - გიგა შუშანიას პროტეჟეა. მათ ახლო მეგობრულ ურთოერთობებზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ზემოთ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის - "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის" იურიდიულ მისამართად ცესკოს ვებ-გვერდზე სწორედ გიგა შუშანიას საცხოვრებელი სახლის მისამართია მითითებული: ქუთაისი, თბილისის მე-2 შესახვევი, #17. "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრს" დამკვირვებლის სტატუსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის #226 განკარგულებით მიენიჭა. აღნიშნულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ ამ ორგანიზაციას დამკვირვებლის სტატუსით შეუძლია ისარგებლოს არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ იმერეთისა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციებში შემავალ 15-სავე საარჩევნო ოლქში.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტს ისედაც აქვს უფლება მიავლინოს საკუთარი წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო უბანზე. აღნიშნული წარმომადგენელი დამკვირვებლისთვის მინიჭებული ყველა უფლებით სარგებლობს, თუმცა მმართველ პარტიას იმერეთსა და გურიაში მხოლოდ წარმომადგენლების მონაწილეობა არ აკმაყოფილებს საარჩევნო უბნებზე, ამიტომაც მათ აქ "ნაციონალური" ინტერესების დაცვაში "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის" დამკვირვებლებიც წაეხმარებიან.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის" აქტივობებს ნაკლებად, უფრო სწორად კი საერთოდ არ იცნობენ. ქუთაისში, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "სამართლიანი არჩევნების" ოფისებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვიურად იკრიბებიან და აღნიშნულ შეხვედრებზე საკუთარი საქმიანობების შესახებ ცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას. "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრს" მსგავს შეხვედრებში მონაწილეობა არასდროს მიუღია და უფრო მეტიც, ამ შეხვედრების მონაწილე ორგანიზაციებმა ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობის შესახებაც კი არაფერი იციან.
ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ უნდა მოახერხოს "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის" ხელმძღვანელობამ ნეიტრალური დამკვირვებელების ისეთი მრავალრიცხოვანი არმიის შეკრება (რომელმაც საქართველოს 15 საარჩევნო ოლქი უნდა მოიცვას და მათ შორის ქუთაისის 126-ვე უბანი) მაშინ, როცა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი და გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაცია - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ქუთაისში მხოლოდ 50 უბანზე შეძლებს საკუთარი დამკვირვებლების წარგზავნას.
"126 უბნიდან 50-ზე გვეყოლება დამკვირვებელი. ასევე, გვეყოლება 5 მობილური ჯგუფი, რომელიც მოიცავს დანარჩენ უბნებსაც დღის განმავლობაში. ოლქშიც გვეყოლება ჩვენი წარმომადგენელი, დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს. ანუ ესაა ძირითადი რესურსი, რომელიც ქუთაისში იქნება გამოყენებული ჩვენს მიერ," - ამბობს ნინო თვალთვაძე.
ყველა უბნის დაფარვას ქუთაისში ვერც "სამართლიანი არჩევნები" ახერხებს: "კონკრეტული უბნების დაყოფა ჯერ ორგანიზაციას არ უწარმოებია. სრულ დაფარვას არ ვაკეთებთ. ასე მოხდა წინა არჩევნებზეც, შევცვალეთ სტარატეგია და ამ ეტაპზეც ასეა. მთელი საქართველოს მასშტაბით დაიფარება 1100 უბანი და ეს რაოდენობა პროპორციულად განაწილდება ოლქების მიხედვით," - ამბობს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" რეგიონული კოორდინატორი თეონა გოგიშვილი.
სამაგიეროდ იმოძრავებენ მობილური ჯგუფები, რომლებიც დაფარავენ ყველა უბანს. NGO სექტორს ერთმანეთის მხრიდან სოლიდარობის იმედიც აქვთ. "ერთმანეთის ძალიან დიდი იმედი აქვთ თვით არჩევნების დღესაც დამკვირვებლებს ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით. ან საჩივარს წერ და გჭირდება იქ დამოწმება, ძალიან უდგანან მხარში ერთმანეთს. ვიღაცამ შეიძლება თავი აგარიდოს, მაგრამ "სამართლიანი არჩევნები" და "საია" გვერდში უდგანან და არასდროს აერიდებიან ერთმანეთს," - მიაჩნია თეონა გოგიშვილს.
რადგან ყველა უბანს ვერ მოიცავენ, შესაძლებელია კონკრეტულ უბანში დარჩეს დამკვირვებელი "გვერდში მდგომის" გარეშე. თუმცა აქცენტი გაკეთდება ე.წ. რთულ უბნებზე, ანუ უბნებზე, რომელთაც წინა არჩევნებში გაყალბებით და დარღვევით "გამოიჩინეს თავი". ამ კუთხით - "თავის გამოჩენის" 26 მეთოდზე საუბრობენ NGO-ების წარმომადგენლებიც. თუმცა ამ მეთოდების ცოდნა გარანტად მაინც არ იქცევა, რადგან ყოველი წელი ახალი სიურპრიზით "აოცებს" დამკვირვებლებს. მაგალითად, 2008 წლის არჩევნებზე საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დამკვირვებელთა და NGO სექტორის წარმომადგენელთა რიგებში "ნაციონალები" გამოჩნდნენ.
"დიდი მნიშვნელობა აქვს დამკვირვებლის სწორად შერჩევას. არ უნდა მოხვდეს დამკვირვებელთა შორის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ განწყობილი ადამიანი", - ამობს ნინო თვალთვაძე.
წელს "ახალი თაობა - ახალი ინიციატივიდან", რომელიც არჩევნებს თბილისში აკვირდება, პოლიტიკაში გადავიდა და "ნაც. მოძრაობის" სიის მეორე ნომრად მოგვევლინა კოკი იონათამიშვილი - ამ ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი. ეს გადანაცვლება იმის ალბათობას ქმნის, რომ ეს ორგანიზაცია "გარკვეული პოლიტიკური სუბიექტის მიმართ განწყობას" გამოხატავს. თავად ხსენებული ორგანიზაციის წარმომადგენლები საშიშროებას არ იზიარებენ და ობიექტურობის გამოჩენას პირდებიან ამომრჩევლებს.
გაყალბების ნაირფერ მეთოდოლოგიაზე საუბრობს თეონა გოგიშვილიც: "ყოველი არჩევნები "სიახლით" გამოირჩევა. წინა არჩევნებზე ძალიან აქტუალური იყო სხვის ნაცვლად ხმის მიცემა. იყო შემთხვევები, როცა პიროვნება არ იყო საქართველოში და აღმოჩნდა, რომ ხმა ჰქონდა მიცემული. ძალიან პოპულარული იყო სიის დანართით გაყალბება. ანუ გადასატანი ყუთისათვის გამზადებული სიის დანართში როდესაც გადაყავთ კონკრეტული მოქალაქე, ერთიან სიაში ხდება მინაწერის გაკეთება, რომ ეს პიროვნება გადაყვანილია სიის დანართში. იყო შემთხევევბი, როდესაც ერთიან სიაში ეს მინაწერი არ იყო გაკეთებული. თუკი ამომრჩეველი თავს უფლებას მისცემს, ორჯერ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თან არ იქნება სრულყოფილად მარკირების პროცედურა ჩატარებული, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ის პიროვნება, რომელიც სიის დანართში იყო, ანალოგიურად მობრძანდეს უბანზე და მისცეს ხმა. ასევე, ყველასათვის ცნობილი "კარუსელი". მაგრამ რაღაც დონეზე ფორმები იცვლება. შემდგომისთვის უფრო `იხვეწება~. მთავარია, გაყალბების სურვილი არ იყოს. სხვებთან ერთად, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოქალაქეებს ვანიჭებ. უბრალოდ არ უნდა მოიძებნებოდეს ისეთი პიროვნება, რომელიც ამას გააკეთებს".
არადა, ჯერ კიდევ მოიძებნება ის, ვინც ამას გააკეთებს, თანაც არც თუ ცოტა, ყოველ შემთხვევაში, წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ დიდი გზაა სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბებამდე. შეიძლება ამის მიზეზი ისიც არის, რომ საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს. თუნდაც იმაზე - თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი სწორი დამოკიდებულება არჩევნებისადმი, რომ არჩევანი მათზეა და ზოგადად იმაზეც - რისი არჩევნები უნდა გაიმართოს 30 მაისს.
"მცირე ინფორმაცია აქვთ. იყო შემთხვევები, რომ რეგიონის ხალხს ეგონა გიგი უგულავას არჩევა უწევდათ", - ამბობს ნინო თვალთვაძე.
"ძალიან ნაკლებად არიან ინფორმირებულნი. შემიძლია დავასახელო კონკრეტულად სამტრედია, ბაღდათი, სადაც წამოვიდა მოქალაქეებიდან ამ ტიპის კითხვები: რა, ჩვენთანაც არის არჩევნები? ანუ ცენტრალური ტელევიზიებიდან გამომდინარე, ეგონათ, რომ მხოლოდ თბილისში ტარდებოდა არჩევნები. ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს დასჭირდათ განმარტება, თუ რა არჩევნებია, რა ტიპისაა, რას ეხება და ა.შ." - ამბობს თეონა გოგიშვილი.
იგივე ტელევიზიიდან წამოსული რეკლამა გახდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზეზი. არჩევნებზე მოქალაქეთა თავისუფალი დასწრების შესახებ მოქალაქეებმა სატელევიზიო რეკლამიდან მცდარი ინფორმაცია მიიღეს. ცესკოს სატელევიზიო, თუ რადიო რეკლამის თანახმად, ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა დაესწროს არჩევნებს. თუმცა, კანონი ასეთ შეპირებას არ იძლევა: "ცოტა გაურკვევლობა გამოიწვია მოქალაქეებში საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულმა სარეკლამო რგოლებმა. "საჯაროში" და "ღიაში" ისინი გულისხმობდნენ საჯაროობას სხდომებისას. მაგრამ არჩევნებზე ნებისმიერი ადამიანის დამკვირვებლად ყოფნა წარმოუდგენელია, მსგავსი ცვლილება კანონში არ არსებობს. რაც შეეხება სხდომის საჯაროობას. სხდომის საჯაროობაშიც არ იგულისხმება ნებისმიერის დასწრების შესაძლებლობა. ისიც უნდა იყოს რეგისტრაციაგავლილი პიროვნება - პარტიის მხრიდან იქნება ეს თუ სადამკვირებლო ორგანიზაციიდან", - განმარტავს "სამართლიანი არჩევნების" რეგიონალური კოორდინატორი.
მოკლედ, მოქალაქეებს ბევრი "ხაფანგის", გაურკვევლობის და ნაკლები ინფორმაციის გადალახვა უწევთ, რომ საარჩევნო ყუთებთან ინფორმირებულნი და მომზადებულნი მივიდნენ. თანაც, ბოლომდე ვერც იმის გარანტია ეძლევათ, თუ რამდენად ობიექტური და მახვილი იქნება დამკვირვებლის მზერა.
ეკა კუხალაშვილი
მაია მეცხვარიშვილი
ქუთაისიდან

0 Responses to ""ნაციონალური" აქტივი სადამკვირვებლო მისიებში"