0
საარჩევნო დავებს ქუთაისში ჯერ სასამართლომდე არ მიუღწევია
საარჩევნო დავებს ქუთაისში ჯერ სასამართლომდე არ მიუღწევია
5/8/10
საქართველოს საარჩევნო კოდექსში გასული წლის ბოლოს შესული ცვლილებების შედეგად, კორექტირება განიცადა საარჩევნო საკითხების გასაჩივრების წესმა. გასაჩივრების ვადებსა და წესებს კოდექსის 77-ე მუხლი ეხება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 2 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 დღის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება კი საქალაქო/რაიონულ სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს 2 დღის ვადაში და ამდენივე დღის განმავლობაში უნდა მოხდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა. საბოლოოდ (ასევე, 2 დღის ვადაში) საჩივარს განიხილავს სააპელაციო სასამართლო.
"ის, რომ გასაჩივრების ვადა გაიზარდა 2 კალენდარულ დღემდე, ოდნავ, მაგრამ არა საგრძნობლად, იძლევა ამოსუნთქვის საშუალებას, თუმცა განხილვის ვადა იგივე დარჩა. განხილვისთვის ერთი დღე არ არის საკმარისი, მაგრამ ამ ეტაპზე ამით უნდა დავკმაყოფილდეთ, რადგან სხვა ცვლილება კანონში აღარ შევა. გარკვეული ცვლილებაა ისიც, რომ განცხადების წარდგენის ვადამ 20:00 საათამდე გადაიწია. მაქსიმალურად გვჭირდება მობილიზება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ყველას, ვინც არის დაინტერესებული, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს: დარღვევების შემთხვევაში დაიწეროს საჩივარი, რათა დროულად მოხდეს საოლქო საარჩევნო კომისიაში ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისად, არ დაგვიანდეს მათზე რეაგირება, არ იყოს იმის მიზეზი, რომ დაგვიანებით შესული საჩივრის განხილვა აღარ მოხდეს,"- ამბობს "სამართლიანი არჩევნების" ქუთაისის რეგიონალური კოორდინატორი თეონა გოგიშვილი.
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი განცხადებაა შესული, რომელიც "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა ვლადიმერ ნაკაშიძემ შეიტანა.
"ის მოითხოვდა არარსებული მისამართების საარჩევნო უბნების საზღვრებიდან ამოღებას. კომისიამ სხდომაზე განიხილა ეს საკითხი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავაკმაყოფილეთ იმ მოტივაციის გამო, რომ სამოქალაქო რეესტრის მიერ რეგისტრირებულ მოქალაქეს ვერ წავართმევდით კონსტიტუციურ უფლებას - მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. დავამუშავეთ ის მისამართები, რომელზეც ვლადიმერ ნაკაშიძე საუბრობდა, მართლაც იყო რამდენიმე შეცდომა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ტექნიკური შეცდომა. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ორი დღის ვადაში შემოსული საჩივრები და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება," - აღნიშნავს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.
როგორც ქალაქში არსებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, მათ ჯერ-ჯერობით სარჩელი არ წარუდგენიათ არც საოლქო საარჩევნო კომისიაში და არც სასამართლოში, თუმცა აღმოჩენილი დარღვევების შეგროვების შემდეგ, ისინი ამას აპირებენ.
საარჩევნო ბლოკის "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენლის ნატო ქათამაძის განცხადებით, ზოგიერთი საარჩევნო უბანი მოუწესრიგებელია და შეუსაბამო საარჩევნო გარემოა. "როგორც ჩვენს მიერ გამართულ ბრიფინგზე აღვნიშნე, #27, #17 საარჩევნო უბნები ძალიან მოუწესრიგებელია, არავითარი პირობები არ არსებობდა საარჩევნო კომისიის ნორმალური მუშაობისათვის. არის სხვა პრობლემებიც, ყველა ის საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვინც მონაწილეობა მიიღო 2008 წლის არჩევნების შედეგების გაყალბებაში, კვლავ იგივე თანამდებობაზე არიან, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა. ისინი ისევ იმ შემართებით იბრძვიან, რომ გააყალბონ არჩევნები, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ვარაუდია და წინასწარ ამასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას არ ვაპირებთ. ჩვენ ყველა უბანზე გავდივართ სისტემატიურად და ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ ყველა კონკრეტული დარღვევა, მაქსიმალურად ვეცდებით არ მივცეთ ამ ადამიანებს მსგავსი ტიპის საქმიანობის განხორციელების უფლება," - აღნიშნავს ნატო ქათამაძე. მისივე განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები მაქსიმალურად დგანან მათ გვერდით და მათი მხარდაჭერის იმედი აქვთ. "ვცდილობთ, რომ ვითანამშრომლოთ მათთან და დარღვევების შემთხვევაში, სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი. გამოვიყენებთ ყველა ფორმას, რაც კანონმდებლობაში და სამართლებრივ ჩარჩოში დგას. თუმცა, ვიცით, რომ დღევანდელი სასამართლო ფაქტობრივად, არ არის სასამართლო," - აცხადებს ის.
საარჩევნო უბნებში არსებული დარღვევების შესახებ საუბრობს, ასევე, "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენელი გოჩა ბაძგარაძე, მაგრამ ჯერ-ჯერობით სარჩელი არც მის საარჩევნო ბლოკს წარუდგენია. "უბნებზე ხდება მთელი რიგი დარღვევები. თუ ეს არ გამოსწორდა და რეაგირება არ იქნა, მაშინ შევიტანთ სარჩელს სასამართლოში. ჩვენ აღმოვაჩინეთ არარსებული კორპუსები, ბინები, მისამართები, ხელისუფლება კვლავ აპირებს არჩევნების გაყალბებას!.. შევაგროვებთ ყველა დარღვევაზე მასალებს და სარჩელს შევიტანთ, თუმცა დღეს სასამართლო არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. სასამართლო წარმოადგენს ძალოვანი სტრუქტურების ყურმოჭრილ მონას. არჩევნებს ატარებენ ძალოვანი სტრუქტურები და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სარჩელის შეტანას აზრი არ აქვს, მაგრამ ჩვენ მაინც შევიტანთ და დავაფიქსირებთ ჩვენს დამოკიდებულებას, შემდეგ კი მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს," - აცხადებს გოჩა ბაძგარაძე.
სასამართლოს მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი შავგულიძეც. მართალია, მას სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვი ეპარება, მაგრამ მიაჩნია, რომ აუცილებელია ყველაფერი განიხილებოდეს სამართლებრივ ნორმაში, აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში მათი პარტია აუცილებლად მიმართავს სასამართლოს. "ჩვენ ქვის ეპოქაში არ ვართ, რომ ქვები ვისროლოთ, არც შუა-საუკუნეებში ვცხოვრობთ, რომ მშვილდ-ისრები ვისროლოთ. 21-ე საუკუნის ცივილური ცხოვრების წესია სამართლებრივად განიხილებოდეს ესა თუ ის საკითხი," - აცხადებს გიორგი შავგულიძე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საარჩევნო კანონდარღვევასთან დაკავშირებით ამ დროისთვის არანაირი სარჩელი არ არის შესული.
"ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიის წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი წინასაარჩევნოდ არასწორად იყენებს რესურსებს და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. სინამდვილეში არანაირი სარჩელი არ შემოუტანია. თუკი რაიმე დარღვევას დააფიქსირებენ, უნდა მოგვმართონ. შემდეგ, თუკი ჩვენ არასამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაშინ შეუძლიათ აპელირება. წინასწარ იმის ყვირილი და ძახილი, რომ სასამართლოს არ ვენდობით, ეს მე, პირადად, ალოგიკურად მიმაჩნია," - აცხადებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ლევან თევზაძე. მისივე ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამმა მოსამართლემ გაიარა სპეციალური ტრენინგი საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებით.
"თუკი რაიმე დარღვევა იქნება, მზად ვართ, განვიხილოთ სარჩელი ორი დღის ვადაში და მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება," - აცხადებს ლევან თევზაძე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც, საარჩევნო დავებთან დაკავშირებით, საბოლოოა. სასამართლო დავის დასრულებამდე კი საოლქო საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.
მარი მუშკუდიანი
ქუთაისიდან
Posted in: გასაჩივრება | 0 Comments | Email This
Subscribe to:
Post Comments (RSS)
0 Responses to "საარჩევნო დავებს ქუთაისში ჯერ სასამართლომდე არ მიუღწევია"
Post a Comment