0

არჩევნები და მოსახლეობის განწყობა

4/23/10

რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი არჩევნები ახალქალაქელებისათვის
 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვე დარჩა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების ნაწილმა არჩევნებზე არაფერი იცის, ნაწილი კი მის მნიშვნელობას სათანადოდ ვერ აფასებს. 
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
    სამხრეთის კარიბჭემახალქალაქის ქუჩებში 56 მოქალაქე გამოკითხა. რესპონდენტებს ორი კითხვით მივმართეთ - “იცით თუ არა მოსალოდნელი არჩევნების შესახებ?” დარას ელოდებით არჩევნებისგან?”. გამოკითხულთაგან ორმოცმა პირველივე კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა, 16-მა კი დადებითი, თუმცა, მათგან რამდენიმემ გვითხრა, რომ რამდენადაც იციან, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს. 
     მელსიკ კირაკოსიანი ერთადერთია გამოკითხულებს შორის, რომელიც არჩევნებს მნიშვნელოვან პროცესად მიიჩნევს და მისდამი სერიოზულადაა განწყობილი. იგი არჩევნებში ყოველთვის მონაწილეობს და ვიდრე საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს, ბევრს ფიქრობს: ყოველთვის ობიექტური ვიყავი და მომავალშიც ასე გავაგრძელებ. თუმცა ეს მე ვირჩევდი მუდამ ობიექტურად, თავად არჩევნებზე კი იმავეს ვერ ვიტყვი. რადგან როდესაც უბრალო ადამიანი არჩევნებზე მიდის, მან არ იცის, ხმა ვის მისცეს, იქ უთითებენ და ისიც შესაბამისად ირჩევს. 
     მელსიკ კირაკოსიანისგან განსხვავებით, აშოტ გაბრიელიანს არჩევნებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. ახლა არჩევნებზე წასვლას აპირებს, თუმცა თავის არჩევანს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს: არ ვიცოდი, რომ არჩევნები უნდა ყოფილიყო. არ მჯერა, რომ რაიმე კარგი მოხდება, თუმცა, წელს ხმის მისაცემად ალბათ მაინც წავალ”.     
     არჩევნები მნიშვნელოვან მოვლენად არც ვარსენიკ აივაზიანს მიაჩნია. იგი მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს: მე არც მცხელა და არც მცივა, არჩევნები არ მაინტერესებს, რადგან წინა არჩევნებმა ჩემი იმედები არ გაამართლა. 
     მისგან განსხვავებით გამართლდა ლიოვა საპონჯიანის მოლოდინები, თუმცა, იგი უკმაყოფილოა წინასაარჩევნო სიტუაციით: “არაფერს გვეუბნებიან, აგიტაციას არ ეწევიან, ეს არასწორი მიდგომაა. ადრე ვიკრიბებოდით, დეპუტატები მოდიოდნენ და ვსაუბრობდით, პრობლემებს ერთად განვიხილავდით, ახლა კი არჩევანს ადამიანის ცნობა-არცნობის პრინციპით ვაკეთებთ. წინა არჩევნების შემდეგ ჩემი მოლოდინი 100 პროცენტით არა, მაგრამ მაინც გამართლდა”.   
        ახალქალაქელი პენსიონერი რაია დულხანიანი ავადმყოფ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მისთვის მთავარი ოჯახის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. იგი ამბობს, რომ უკეთესობას ვერცერთი არჩევნების შემდგომ ვერ გრძნობს: ვიცი, რომ მალე არჩევნებია, მე მატერიალური უზრუნველყოფაპენსიის მომატება, წამლების გაიაფება მჭირდება. რამდენადაც ვიცი, საქართველოს ბიუჯეტს ამ ყველაფრის შესაძლებლობა არ გააჩნია, ამიტომაც იმედიც არ მაქვს. ჯერჯერობით ისიც არ ვიცი, წავალ თუ არა არჩევნებზე. 
        არტიუშ მინასიანს კი არჩევნების სამართლიანობის არ სჯერა: ყოველთვის მივდიოდი არჩევნებზე, მაგრამ არ მჯერა, რომ ადამიანების 95 პროცენტი ერთ კანდიდატს მისცემს ხმას. ნუთუ პატიოსან არჩევნებს ასეთი შედეგი შეიძლება ჰქონდეს?! უფრო ხშირად ნაცნობები გვხვდებიან და გვეუბნებიან, რომ ესა თუ ის ნომერი შემოვხაზოთ, ჩვენც ასე ვიქცევით”.  
       გააცნობიერებენ თუ არა რამდენად მნიშვნელოვანია 30 მაისის არჩევნები და რამდენად ობიექტურად და სამართლიანად გააკეთებენ არჩევანს ახალქალაქის მცხოვრებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების მუშაობაზეა დამოკიდებული.

0

არჩევნებამდე 71 დღით ადრე

4/22/10

რას ფიქრობს მოსახლეობა მოახლოებულ არჩევნებზე
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად 30 მაისი უკვე ოფიციალურად დასახელდა. რას ფიქრობს მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე; იციან თუ არა, რა არის თვითმმართველობა და რა უფლება-მოვალეობები გააჩნია; რის მიხედვით გააკეთებენ არჩევანს და აპირებენ თუ არა საარჩევნო უბანზე მისვლას 30 მაისს.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
       ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 71 დღე რჩება. წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, ცენტრალურ არხებზე უკვე გადის შესაბამისი სარეკლამო რგოლები. თუმცა ციებ-ცხელება მხოლოდ დედაქალაშია. ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით წინასაარჩევნო აქტიურობა არ შეინიშნება. 
    იმის გასარკვევად, რას აპირებს ამომრჩეველი 30 მაისს, მივა თუ არა საარჩევნო უბანზე, რის მიხედვით გააკეთებს არჩევანს და საერთოდ, იცის თუ არა, რა უფლება-მოვალეობები და მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას, “სამხრეთის კარიბჭემსხავადასხვა სოციალური  მდგომარეობისა და ასაკის 30 მოქალაქე გამოკითხა.
    გამოკითხული რესპონდენტებიდან მოახლოებულ არჩევნებს მხოლოდ ხუთი მათგანი უცხადებს ბოიკოტს. თუმცა მათ ვერც იმ კითხვაზე გვიპასუხეს, რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა, რა ფუნქცია აკისრია და რა მნიშვნელობა აქვს 30 მაისის არჩევნებს.
    18 წლის სტუდენტმა, რომელმაც სახელი და გვარი არ გაგვიმხილა,  გვითხრა, რომ კარგად იცის, ვის ვირჩევთ 30 მაისს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საპარლამენტო არჩევნები უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო უბანზე მისვლას არ აპირებს: “ვიცი, რომ საპარლამენტო არჩევნები მოდის; ასევე კარგად ვიცი ჩემი უფლებებიც; მაგრამ მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ 18 წლისა ვარ და წელს პირველად მიწევს ხმის მიცემა”.
ამგვარი განწყობის მიზეზი რამდენიმე სიტყვით აგვიხსნა: ყველა ერთნაირია და რა აზრი აქვს ხმის მიცემას?!” 
   იმავე მიზეზით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს 28 წლის ქალბატონიც. არასოდეს გამჩენია სურვილი, ჩემი არჩევანი დამეფიქსირებინა, რადგან აზრი არა აქვს, მაინც ის პარტია გაიმარჯვებს, ვინც უკეთესად გააყალბებს, ყოველთვის ასე ხდება”, - ამბობს იგი და არ გვეთანხმება, რომ მისი არჩევნებზე მიუსვლელობა გაყალბებისთვის საუკეთესო შანსია.
      ანალოგიურად ფიქრობს 53 წლის ქალბატონიც, რომელიც ახალციხეში პერიოდულად სოფლიდან ყველის გასაყიდად ჩამოდის: რა მეარჩევნება?! დღე და ღამე გარეთ ვარ გამოსული, რომ ლუკმა-პური ვიშოვო. ან რა აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას?! მთავრობას ვინც უნდა, მაინც ის გაიმარჯვებს, სამსახურებიც მარტო იმათ აქვთ გარანტირებული, ვინც კანდიდატებს გამარჯვებაში დაეხმარება”.
     დანარჩენი 25 რესპონდენტი ამბობს, რომ 30 მაისს საარჩევნო უბანზე აუცილებლად მივა არჩევანის დასაფიქსირებლად. თუმცა ამათგან 20 ფიქრობს, რომ არჩეული კანდიდატი ამომრჩევლის მოლოდინს ვერ გაამართლებს.  
    ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისუბნის მკვიდრი, დროებით უმუშევარი მალხაზ სოლომონიძე არჩევნებში ყოველთვის მონაწილეობს: “30 მაისსაც აუცილებლად წავალ და ჩემს მოვალეობას პირნათლად შევასრულებ. თუმცა ჩემი მოლოდინები ყოველთვის 100 პროცენტით არ სრულდება და არც ამ არჩევნებზე მაქვს ამის იმედი”.
     დაპირებების არც 25 წლის პედაგოგს მარეხ სუდაძეს სჯერა, თუმცა სასურველ კანდიდატს აუცილებლად მისცემს ხმას: ეს ჩემი მოვალეობაა, დაპირებების არ მჯერა, თუმცა ხანდახან მცირე პროცენტით მაინც მართლდება ჩემი მოლოდინი”.
     გამოკითხვებმა აჩვენა, რომ რესპონდენტების უმრავლესობა საარჩევნო სუბიექტებს სხვადასხვა კრიტერიუმით ირჩევს. განსაკუთრებული ყურადღება პიარ-კამპანიებსა და საარჩევნო პროგრამებს ეთმობა.
     22 წლის ნათია გიგოლაშვილი საპატრულო პოლიციაში, კანცელარიაში მუშაობს. იგი ერთ-ერთია, რომელიც კანდიდატს შემდეგი კრიტერიუმით არჩევს: ყოველთვის ვითვალისწინებ კანდიდატების პიარ-კამპანიას, რას გვპირდებიან, რისი გაკეთება შეუძლიათ და სხვა. მართალია, ყოველთვის ვერ ამართლებს ჩემ მიერ არჩეული კანდიდატი, მაგრამ 80 პროცენტით მაინც მართლდება”.
    ახალციხის მკვიდრი ნანა ხითარიშვილი აქცენტს კანდიდატის პიროვნულ თვისებაზე აკეთებს: საარჩევნო კამპანიის მიხედვით კანდიდატს ნამდვილად არ ვარჩევ, რადგან დაპირებებს ყველა იძლევა, ამ საკითხში ყველა გულუხვია”.  
    21 წლის სტუდენტმა გოგონამ გვითხრა, რომ კანდიდატებს თვითონ არ არჩევს და არც მათი საარჩევნო პროგრამა აინტერესებს, ვინაიდან სასურველი კანდიდატის არჩევაში მშობლები ეხმარებიან: ჩემი მშობლები ვისაც აირჩევენ, მეც მეც იმას მივცემ ხმას. თვითონ არასოდეს შემირჩევია კანდიდატი, არც ვინმეს საარჩვენო პროგრამით დავინტერესებულვარ”.
    წინა რესპონდენტისგან განსხვავებით ნათია პაქსაძე საარჩევნო სუბიექტს სხვა პრინციპით ირჩევს. ფულს ვინც გადამიხდის, ხმასაც იმას მივცემ. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ფული მოუციათ ხმის მიცემის სანაცვლოდ”, - ამბობს იგი, თუმცა არ გვიმხელს კანდიდატის ვინაობას ვისაც ფულის სანაცვლოდ მისცა ხმა და არც იმას გვეუბნება, ფული ვინ შესთავაზა.
    კითხვაზე რა არის ადგილობრივი თვითმართველობა და რა უფლება- მოვალეობები აქვს, ვერც ნათია პაქსაძემ გვიპასუხა.
     ადგილობრივი თვითმართველობა არის მოქალაქეთა უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა ტერიტორიულ ერთეულში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. თვითმმართველობა 4 წლის ვადით ირჩევა. 
     საქართველოში ადგილობრივ თვითმართველობას სამი სახის უფლებამოსილება აქვს: ექსკლუზიური (უფლებამოსილებას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობა და მასზე კონტროლი ან ჩარევა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით); დელეგირებული (უფლება, რომლის მინიჭებაც ხდება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის სახელმწიფო ორგანოების მიერ შესაბამისი მატერიალურ-ფინანსური ბაზის უზრუნველყოფით, მეთოდური ხელმძღვანელობით და ზედამხედველობით) და ნებაყოფლობითი (უფლებამოსილება, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს საკუთარი ინიციატივით).