0

არჩევნები და მოსახლეობის განწყობა

4/23/10

რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი არჩევნები ახალქალაქელებისათვის
 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვე დარჩა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების ნაწილმა არჩევნებზე არაფერი იცის, ნაწილი კი მის მნიშვნელობას სათანადოდ ვერ აფასებს. 
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
    სამხრეთის კარიბჭემახალქალაქის ქუჩებში 56 მოქალაქე გამოკითხა. რესპონდენტებს ორი კითხვით მივმართეთ - “იცით თუ არა მოსალოდნელი არჩევნების შესახებ?” დარას ელოდებით არჩევნებისგან?”. გამოკითხულთაგან ორმოცმა პირველივე კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა, 16-მა კი დადებითი, თუმცა, მათგან რამდენიმემ გვითხრა, რომ რამდენადაც იციან, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს. 
     მელსიკ კირაკოსიანი ერთადერთია გამოკითხულებს შორის, რომელიც არჩევნებს მნიშვნელოვან პროცესად მიიჩნევს და მისდამი სერიოზულადაა განწყობილი. იგი არჩევნებში ყოველთვის მონაწილეობს და ვიდრე საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს, ბევრს ფიქრობს: ყოველთვის ობიექტური ვიყავი და მომავალშიც ასე გავაგრძელებ. თუმცა ეს მე ვირჩევდი მუდამ ობიექტურად, თავად არჩევნებზე კი იმავეს ვერ ვიტყვი. რადგან როდესაც უბრალო ადამიანი არჩევნებზე მიდის, მან არ იცის, ხმა ვის მისცეს, იქ უთითებენ და ისიც შესაბამისად ირჩევს. 
     მელსიკ კირაკოსიანისგან განსხვავებით, აშოტ გაბრიელიანს არჩევნებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. ახლა არჩევნებზე წასვლას აპირებს, თუმცა თავის არჩევანს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს: არ ვიცოდი, რომ არჩევნები უნდა ყოფილიყო. არ მჯერა, რომ რაიმე კარგი მოხდება, თუმცა, წელს ხმის მისაცემად ალბათ მაინც წავალ”.     
     არჩევნები მნიშვნელოვან მოვლენად არც ვარსენიკ აივაზიანს მიაჩნია. იგი მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს: მე არც მცხელა და არც მცივა, არჩევნები არ მაინტერესებს, რადგან წინა არჩევნებმა ჩემი იმედები არ გაამართლა. 
     მისგან განსხვავებით გამართლდა ლიოვა საპონჯიანის მოლოდინები, თუმცა, იგი უკმაყოფილოა წინასაარჩევნო სიტუაციით: “არაფერს გვეუბნებიან, აგიტაციას არ ეწევიან, ეს არასწორი მიდგომაა. ადრე ვიკრიბებოდით, დეპუტატები მოდიოდნენ და ვსაუბრობდით, პრობლემებს ერთად განვიხილავდით, ახლა კი არჩევანს ადამიანის ცნობა-არცნობის პრინციპით ვაკეთებთ. წინა არჩევნების შემდეგ ჩემი მოლოდინი 100 პროცენტით არა, მაგრამ მაინც გამართლდა”.   
        ახალქალაქელი პენსიონერი რაია დულხანიანი ავადმყოფ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მისთვის მთავარი ოჯახის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. იგი ამბობს, რომ უკეთესობას ვერცერთი არჩევნების შემდგომ ვერ გრძნობს: ვიცი, რომ მალე არჩევნებია, მე მატერიალური უზრუნველყოფაპენსიის მომატება, წამლების გაიაფება მჭირდება. რამდენადაც ვიცი, საქართველოს ბიუჯეტს ამ ყველაფრის შესაძლებლობა არ გააჩნია, ამიტომაც იმედიც არ მაქვს. ჯერჯერობით ისიც არ ვიცი, წავალ თუ არა არჩევნებზე. 
        არტიუშ მინასიანს კი არჩევნების სამართლიანობის არ სჯერა: ყოველთვის მივდიოდი არჩევნებზე, მაგრამ არ მჯერა, რომ ადამიანების 95 პროცენტი ერთ კანდიდატს მისცემს ხმას. ნუთუ პატიოსან არჩევნებს ასეთი შედეგი შეიძლება ჰქონდეს?! უფრო ხშირად ნაცნობები გვხვდებიან და გვეუბნებიან, რომ ესა თუ ის ნომერი შემოვხაზოთ, ჩვენც ასე ვიქცევით”.  
       გააცნობიერებენ თუ არა რამდენად მნიშვნელოვანია 30 მაისის არჩევნები და რამდენად ობიექტურად და სამართლიანად გააკეთებენ არჩევანს ახალქალაქის მცხოვრებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების მუშაობაზეა დამოკიდებული.

0 Responses to "არჩევნები და მოსახლეობის განწყობა"