0
ამომრჩეველთა სიებს ოპოზიციურმა მონიტორინგმაც ვერ უშველა
1 comments
თვითმმართველობა – კანონი და რეალობა
ადგილობრივი თვითმმართველობა - “საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად”, - განმარტებულია საქართველოს ორგანულ კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის” შესახებ. (თავი I, მუხლი I, პუნქტი ა). თვითმმართველი ერთეული - დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი და ადმინისტრაციული ცენტრი და არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო - ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების მიზნით, “ადგილობრივი თვითმმართველობის” ორგანული კანონით დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა\მერი) ორგანოები. საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ: აირჩიონ და არჩეული იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ამ კანონით და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაიკავონ ნებისმიერი თანამდებობა, თუ აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან და თანამდებობის პირებისაგან; წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებების პროექტებს; მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში; მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და საჯარო განხილვა; მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და თანამდებობის პირებს; განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობას სამი სახის უფლებამოსილება აქვს: ექსკლუზიური (უფლებამოსილებას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობა და მასზე კონტროლი ან ჩარევა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით); დელეგირებული (უფლება, რომლის მინიჭებაც ხდება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის სახელმწიფო ორგანოების მიერ შესაბამისი მატერიალურ-ფინანსური ბაზის უზრუნველყოფით, მეთოდური ხელმძღვანელობით და ზედამხედველობით) და ნებაყოფლობითი (უფლებამოსილება, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს საკუთარი ინიციატივით). ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება-მოვალეობები საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით. სხვა საკითხია რა ხდება რეალურად და რამდენად იცის მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დანიშნულების შესახებ. როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების წევრები აცხადებენ, რომ ამომრჩეველმა კარგად იცის, რა არჩევნებია და რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას. ასევე, ისინი კარგად იცნობენ მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს და საარჩევნო პროგრამებს, რადგან ხშირად მართავენ მოსახლეობასთან შეხვედრებს. თუმცა, სხვა სურათი იხატება მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად. ადიგენის მოსახლეობა ამბობს, რომ კანდიდატების ვინაობისა და მათი საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მათ ვერც იმ კითხვაზე გვიპასუხეს, რა არის თვითმმართველობა და რა უფლება-მოვალეობები გააჩნია. თუმცა, ამომრჩევლები თამამად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რაც აწუხებთ. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები ხშირად უნდა ტარდებოდეს, რადგან მხოლოდ ამ პერიოდში ახსოვს ადგილობრივ თვითმმართველობას მოსახლეობა. “ჯერ კანდიდატი არ შემირჩევია, რადგან მათი ვინაობა არ ვიცი. ისეთი პიროვნება უნდა ავირჩიოთ, ვინც პრობლემებს მოგვიგვარებს, თუმცა პრობლემები მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ”, - გვითხრა შოთა გედენიძემ. სასურველი კანდიდატი არც 42 წლის ელგუჯა შავაძეს შეურჩევია: “კანდიდატების ვინაობას რომ გავიგებ, მერე გადავწყვეტ, ვის მივცე ხმა”. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადიგენის რაიონული შტაბის თავმჯდომარე თამაზ კიკაბიძე კი გვარწმუნებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობა ინფორმირებულია. “ადგილობრივი თვითმმართველობის მოვალეობაა, იზრუნოს რაიონზე, სოფელსა და ქალაქზე. უნდა შექმნან სამუშაო ადგილები და მოაგვარონ ყველა ის პრობლემა, რაც ადგილობრივ მოსახლეობს აწუხებს. მაგრამ, რეალურად ასე არ არის. არაფერს არ აკეთებენ, ზიან კაბინეტებში 22-23 წლის ბიჭები და თვის ბოლოს ელოდებიან, რომ ხელფასები აიღონ”, - გვითხრა გედენიძემ. მან იქვე დასძინა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, თუმცა დიდი იმედი არ აქვს, რომ ყველაფერი დემოკრატიულად ჩაივლის: “საერთოდ არ უნდა იყოს არჩევნები! ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გამოგზავნოს კაცი, რომელიც რაიონს უხელმძღვანელებს. ხალხის აზრს მაინც არ ითვალისწინებენ და არჩევნები ტყუილი ფულის ხარჯვაა”. არჩევნებისადმი ნიჰილისტური განწყობის მიზეზად მოსახლეობა იმედგაცრუებასაც ასახელებს. ისინი, ვინც ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება-მოვალეობა კარგად იციან, ამბობენ რომ რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობა დანიშნულებას არ ასრულებს. “ვინც არ იცის ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა, იმას პროტესტი არაფერზე უჩნდება და სჯერა, რასაც ეუბნებიან. ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ ყველა ადგილობრივი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს და მხოლოდ გზების და ხიდების მშენებლობა არაა მათი საქმე”, - გვითხრა დავით ბერიძემ, რომელიც არჩევნებში ყოველთვის მონაწილეობს. მან აქვე დასძინა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე საპარლამენტო, ვინაიდან ამ არჩევნებზე კონკრეტულად მუნიციპალიტეტის ბედი და აქ მცხოვრებთა კეთილდღეობაა დამოკიდებული.
0
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება რეგიონებშიც მატულობს და არჩევნებში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ერთვება. თუმცა მოსახლეობამ ნაკლებად იცის, რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ამომრჩევლების ნაწილს საპარლამენტო არჩევნები ჰგონია, ნაწილი კი ფიქრობს, რომ 30 მაისს მხოლოდ თბილისის მერს ირჩევენ. არჩევნები არის საშუალება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის. მომავალი არჩევნები არაერთი სახელმწიფოსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის დაკვირვების ობიექტია. საქართველოს მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დემოკრატიულად ჩაივლის საარჩევნო პროცესი 30 მაისს. როგორც ექსპერტები ამბობენ, დიდი მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს, არამედ იმას, როგორ წარიმართება პროცესები. 30 მაისის არჩევნებმა არ უნდა შელახოს საქართველოს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე. ამ არჩევნების მიმართ დიდი ინტერესი რომ არსებობს, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ პირველი პრეცედენტია, როცა ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ბიუროდან 400-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება. “დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ნორმალური განვითარებისთვის”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც. “თვითმმართველობას მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერ მოქალაქეზეა დამოკიდებული, რამდენად ქმედითი და ცოცხალი იქნება ადგილობრივი ხელისუფლება”, - ამბობს “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი და ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე. “საქართველოს კონსერვატიული პარტიის” სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილს მიაჩნია, რომ მთავარი მხოლოდ ის არ არის, მოსახლეობამ ქალაქის დეპუტატი აირჩიოს და საკრებულოში წარმომადგენელი ჰყავდეს: “მოქალაქეები თავად უნდა ჩაერთონ და მოითხოვონ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან, ამ შემთხვევაში გამგეობისაგან, ყველა დავალებისა თუ ამოცანის შესრულება, ისე, როგორც მოსახლეობას უნდა და არა ისე, როგორც თავად გადაწყვეტენ”. თამარ გოგოლაძის თქმით, მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად იმიტომ არ მიიჩნევს, რომ იმედი ბევრჯერ გაუცრუვდა: იმავეს ფიქრობენ “ერთიანი ნაციონალური მოძარაობის” ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაშიც. “მოსახლეობის გათვიცნობიერებაზე უფრო მეტად უნდა იმუშაოს პრესამ და ადგილობრივმა ტელევიზიებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ ხალხმა გაიგოს თვითმმართველობის მნიშვნელობა”, - ამბობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარინე სუდაძე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში პირველად 1998 წლის შემოდგომაზე ჩატარდა. არჩეულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს სოფლებში, თემებში, დაბებსა და ქალაქებში. საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” განსაზღვრავს საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს. ამ უფლებამოსილებათა ზოგიერთი ჩამონათვალი ასეთია: ა) საკრებულოს თანამდებობის პირთა (თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები), აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის (გამგებელი, მერი) არჩევა; ბ) კომიტეტებისა და დროებითი კომისიების შექმნა, აღმასრულებელი ხელისუფლების გამგეობის (მერიის) სტრუქტურის დამტკიცება; გ) აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობების პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშის მოსმენა და შეფასება; დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება; ე) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მასში ცვლილებებისა და დამტკიცებების შეტანა, პროექტის მიღება, მიღებულ ბიუჯეტში ცვლილებების და დამატებების შეტანა; ვ) თვითმმართველი ერთეულების განვითარების გეგმების მიღება და მის შესრულებაზე კონტროლი; ზ) მიწათსარგებლობის დაგეგმვა თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში მყოფი ქონებისა და ბუნებრივი რესურსების წესის განსაზღვრა.
ამომრჩეველთა სიებს ოპოზიციურმა მონიტორინგმაც ვერ უშველა
5/5/10
30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში არარსებულ მისამართებზე ათეულობით კორპუსები აღმოცენდა და რამდენიმე ასეული მიცვალებულიც გაცოცხლდა. ასეთია იმ ხარვეზების არასრული ჩამონათვალი, რაც ამომრჩველთა სიების გადამოწმების შედეგად დააფიქსირეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 161 649 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ანუ 11 936 ამომრჩევლით მეტი იმასთან შედარებით, რაც 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის იყო რეგისტრირებული. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი აცხადებს, რომ საბოლოო სიას, რომელიც უბნებში 15 მაისს გამოიკვრება, 12 000-მდე ამომრჩეველი წელსაც მოაკლდება. მიუხედავად ამისა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ მათ მიერ დაფიქსირებული უზუსტობები არც საბოლოო სიაში იქნება ასახული. კერძოდ, საუბარია არარსებულ კოპრუსებზე, ე.წ. "მკვდარ სულებზე", სხვა მისამართზე რეგისტრირებულ ამომრჩევლებზე და სხვა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებით, პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა მიეცათ ჩაეტარებინათ ამომრჩეველთა სიის მონიტორინგი. აღნიშნული მიზნით, პოლიტიკურ პარტიებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოთ 1 200 000 ლარი, რომელიც თანაბრად განაწილდა 14 კვალიფიციური სუბიექტიდან იმ 12 პარტიაზე, რომლებმაც განაცხადეს ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი. ცესკომ განაახლა ამომრჩეველთა სია 2010 წლის 1 თებერვლის მონაცემებით და გადასცა დაინტერესებულ პირებს მონიტორინგის მიზნით. თავდაპირველი თანხმობის შემდეგ მონიტორინგში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ. შედეგად, გამოთავისუფლებული თანხა - 100 000 ლარი გადანაწილდა მონიტორინგის მონაწილე სხვა პარტიებზე თანაბრად.
საბოლოოდ, ცესკოში ანგარიში წარადგინა 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მონიტორინგში. აქედან, ქუთაისში სიების გადამოწმება უბნების მიხედვით სამმა საარჩევნო ბლოკმა განახორციელა. თუმცა, როგორც ირკვევა, მათი დაფარვის არეალი არასრული იყო, რადგან არ მომხდარა ქალაქში არსებული 126-ვე უბნის ამომრჩეველთა გადამოწმება. ამის მიზეზად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მწირ დაფინანსებას ასახელებენ. მათი თქმით, გამოყოფილი თანხა ყველა უბნის დასაფარავად საკმარისი არ იყო. ქუთაისში, როგორც თავად ამბობენ, ყველა უბანი მხოლოდ "ეროვნულმა საბჭომ" ("მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", "კონსერვატორებისა" და "ხალხის პარტიის" საარჩევნო ბლოკი) გადაამოწმა; საარჩევნო ბლოკმა "ალიანსი საქართველოსთვის" ("ახალი მემარჯვენეების", "რესპუბლიკელებისა" და "საქართველოს გზის" შემადგენლობით) - 34 უბანი, ბლოკმა "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" ("ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "ჩვენ თვითონ", "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია") - 72 უბანი. თუმცა, მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად პარტიების ადგილობრივ ორგანიზაციებში კონკრეტული მონაცემები, ქუჩებისა და ამომრჩეველთა ვინაობის მიხედვით, მხოლოდ არარსებულ კორპუსებზე აქვთ. ამბობენ, რომ სხვა მონაცემები ("მკვდარი სულების", სხვა მისამართზე რეგისტრირებული ამომრჩევლების შესახებ) თბილისში, ცესკოში აქვთ გადაგზავნილი სიებში შესაბამისი შესწორებების მიზნით. თუმცა, მათ მიერ გაგზავნილი მონაცემებიდან რა სახის ცვლილებები შევიდა ერთიან სიაში, პარტიებში ამ დროისთვის არც ეს მონაცემები გააჩნიათ.
"ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოყოფილი დაფინანსება სიების მონიტორინგისათვის, ეს იყო გარკვეულწილად მოქრთამვა ამ პარტიების. ოპოზიციას რეალურად არც გადაუმოწმებია სიები. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, პარტიებმა ეს თანხები მიახარჯეს თბილისს, რადგან ხელისუფლების მსგავსად, რეგიონი არც მათ აინტერესებთ," - ამბობს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი "ლეიბორისტული პარტიიდან" სამსონ გუგავა.
"62 არარსებული მისამართი დავაფიქსირეთ 72 უბნის გადამოწმების შედეგად, რომელთაგან, როგორც ვიცით, 21 გასწორდა. ძირითადად, არარსებული ბინები დაფიქსირდა ავტოქარხანაში, ჭავჭავაძის გამზირზე, სულხან-საბას დასახლებაში, ასევე - რუსთაველზე," - ამბობს "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი გოგიტა გეგელაშვილი.
"ალიანსში" კი აცხადებენ, რომ 34 გადამოწმებულ უბანში 350 არარსებული კორპუსი, 99 მიცვალებული, 28 პატიმარი, 79 სიაში გამორჩენილი და საკმაოდ დიდი რაოდენობით სხვა მისამართზე მიწერილი ადამიანები აღმოაჩინეს. მათ, ასევე, 331 არასწორად რეგისტრირებული მისამართი დააფიქსირეს. საოლქო საარჩევნო კომისიაში, "ახალი მემარჯვენეების" ქვოტით კომისიის წევრის ვანო კაპანაძის თქმით, მისთვის უცნობია, რა სახის შესწორებები შეიტანა ცესკომ. ერთადერთი შემთხვევა, რაც ადგილზე საოლქომ გაასწორა, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ არარსებულ მისამართს ეხებოდა.
"გრიშაშვილის ქუჩაზე #13-ის შემდეგ არის #15, სადაც განთავსებულია სკოლა, აღნიშნულ მისამართზე სიაში 62 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. აღნიშნული დარღვევა უკვე გასწორებულია," - ამბობს ვანო კაპანაძე.
"ეროვნულმა საბჭომ" სიების მონიტორინგის შედეგად ქუთაისში 461 არარსებული მისამართი აღმოაჩინა. სხვა კონკრეტული დარღვევების შესახებ მონაცემები, როგორც "ეროვნულ საბჭოში" ამბობენ, ადგილზე არ გააჩნიათ.
ამომრჩეველთა სიის მონიტორინგი "ახალმა გაზეთმა" გასული კვირის მანძილზე ქუთაისის #110 საარჩევნო უბანში განახორციელა. აღნიშნულ უბანში 902 ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუმცა ჩვენ მხოლოდ 142 ამომრჩევლის მონაცემები გადავამოწმეთ, რომლებიც უბანში გამოკრული სიის მიხედვით, დადიანის ქუჩის მცხოვრებლები არიან. ჩვენს მიერ გადამოწმებული 142 ამომრჩევლიდან, რეალურად საზღვარგარეთ 18 ამომრჩეველი იმყოფება, სიაში კი შესაბამისი მინაწერი - "უცხოეთშია" მხოლოდ 8 მათგანის გასწვრივ არის გაკეთებული. ასევე, აღმოვაჩინეთ 4 გარდაცვლილი. ამას გარდა, #110 უბანზე სამი ამომრჩეველია რეგისტრირებული დადიანის ქ. #55ა-დან და სამი - დადიანის ქ. #57ა-დან. აღნიშნული მისამართები ქუთაისში არ არსებობს.
"ეს არის სიები, რომლითაც ხელისუფლება მანიპულირებს და შესაბამისად, დებს იმ შედეგს, რაც სურს. ხარვეზების გასწორებაზე ზედმეტია ლაპარაკი," - ამბობს სამსონ გუგავა.
აღსანიშნავია, რომ პარტიების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების შემდეგ სიებში შესული შესწორების ამსახველი მონაცემები არც საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვთ. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი აცხადებს, რომ სიებში შესწორებების შეტანა ცენტრალიზებულად მოხდა და კონკრეტულად, ქუთაისში რა ცვლილები შევიდა, ეს მონაცმები მათ არ გააჩნიათ.
ცესკოს ვებ-გვერდზე კი მხოლოდ პარტიების მიერ მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებული და მათ მიერ შეტანილი ცვლილებების ერთიანი მონაცემები დევს.
ამომრჩეველთა სიის ჩასწორების შედეგად ცესკოს მიერ ამომრჩეველთა სიაში სულ ჩასწორებული იქნა: სახელები (19815), გვარები (33766), დაბადების თარიღები (24284), მისამართები (55094), ერთ ბინაში რეგისტრირებული ოცი და მეტი ამომრჩეველის 63 შემთხვევა, 225 - დუბლირებული ამომრჩეველი, 2825 გარდაცვლილი ამომრჩეველი, ამ დროისთვის მუშავდება სიაში გამოტოვებული ამომრჩევლების მონაცემები. სიიდან მოიხსნა 219, ხოლო ჩასწორდა - 12925.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული სიის მონიტორინგში მითითებულია, რომ ქუთაისში გამოვლენილი და გასწორებულია 16 წილადიანი მისამართი, ასევე, საერთო ჯამში,шდაფიქსირდა რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების 15 შემთხვევა, სადარბაზოებში გამეორებული ნუმერაცია - 11 შემთხვევა, ბარაკის ტიპი საცხოვრებელი სახლი - 6 შემთხვევა. მესაკუთრე იმყოფება უცხოეთში - 4 შემთხვევა. გასწორებულია, აგრეთვე, 8 ტექნიკური ხარვეზი. ცესკოს ინფორმაციით, ქალაქების ტერიტორიაზე განთავსებულ უბნებში დამატებით გაიკვრება კედლის სიები მისამართების მიხედვით, ხოლო ამომრჩეველთა სიებში 121 000 ამომრჩეველს მიეწერება სტატუსი "იმყოფება უცხოეთში".
სიებში შესწორებების შეტანის ვადა 20 მაისს იწურება.
თეა ზიბზიბაძე
ქუთაისიდან
Posted in: სიები | 0 Comments | Email This
თვითმმართველობა – კანონი და რეალობა
5/3/10
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვე რჩება. რა წერია საქართველოს კონსტიტუციაში და ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და იცის თუ არა მოსახლეობამ, რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას.
მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში ქალაქების მართვა თვითმმართველობის ფორმით ხორციელდება.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
Posted in: არჩევნების მნიშვნელობა | 1 comments | Email This
არჩევნები – დემოკრატია – ქვეყნის მომავალი
რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს
2010 წლის 30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. რას ნიშნავს დემოკრატიისთვის თვითმმართველობა, რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და რატომაა აუცილებელი, რომ ამომრჩეველმა გონივრული და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.
საარჩევნო პროცესებმა დემოკრატიულად და კანონის ფარგლებში რომ ჩაიაროს, ამისათვის აუცილებელია თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა და მონაწილეობა. დემოკრატია ხომ მონაწილეობაზეა გათვლილი, პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე ყველა მოქალაქემ უნდა აიღოს. ქვეყნის მომავალზე ზრუნვა კი, პირველ რიგში, საკუთარ მხარეზე, მუნიციპალიტეტზე ზრუნვით იწყება. ამიტომაა მნიშვნელოვანი მოსახლეობამ ჯერ თავად აირჩიოს, შემდეგ კი მართოს ადგილობრივი ხელისუფლება.
“როცა წინასაარჩევნოდ გპირდებიან, რომ შენს აზრს გაითვალისწინებენ, ხოლო შემდეგ აღარ აგონდებათ, ხალხს აღარ სჯერა, რომ მათ არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება”.
სანდროშვილს მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკური ცოდნის დაბალი დონით განისაზღვრება, რაც გარკვეულწილად ადგილობრივი მედიასაშუალებების ბრალიცაა: “თვეების განმავლობაში საუბარი მხოლოდ თბილისის მერზე იყო და მოსახლეობას წარმოდგენა ჰქონდა, რომ მხოლოდ თბილისის მერს ირჩევდნენ. რაიონებში კი არაფერი ხდებოდა”.
თამარ თოთაძე, ახალციხე
Posted in: არჩევნების მნიშვნელობა | 0 Comments | Email This
Subscribe to:
Posts (RSS)

