0
არჩევანი ევოლუციასა და რევოლუციას შორის
არჩევანი ევოლუციასა და რევოლუციას შორის
4/24/10
„იმ ქვეყანაში, სადაც ერთი პარტია უმრავლესობით არის წარმოდგენილი ყველა საკრებულოში, საკონსტიტუციო უმრავლესობით - პარლამენტში და პრეზიდენტიც ამ პარტიის თავმჯდომარეა, დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია“, - აღნიშნავს თავის ერთ-ერთ სტატიაში ჟურნალისტი ია ანთაძე.
ამიტომ „იმ ქვეყანაში“ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ნიჰილისტურად განწყობილი ელექტორატი ხვდება. ელექტორატი, რომლის უნდობლობას ამაგრებს გამოცდილება, რაც განვლილმა წლებმა მისცა მას. ჩამოაყალიბა გარკვეული წარმოდგენები და სტერეოტიპები, რომელიც დემოკრატიას - როგორც სისტემას, არჩევნებს - როგორც საშუალებას და თვითმმართველობას - როგორც ორგანოს, ლამის ფიქციად მიიჩნევს. თუმცა, ყოველი არჩევნები საწყისთან დაბრუნებას ჰგავს. ადგილს, საიდანაც შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყება და რაღაცის შეცვლა. არჩევნები სტარტია, სადაც დემოკრატია, ანუ დემოსის მმართველობა, თვალხილული ხდება. დემოსი საკუთარი პერსონით ჩნდება და ძალა შესწევს. ეს იდეაში, თუმცა რეალობაც შეიძლება აღმოჩნდეს ამ იდეასთან ახლოს, თუკი დემოსი „ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ჩაებმება. რა არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა? პოლიტიკა, ძირითადად, არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, პირდაპირი გზა საკუთარი ინტერესების დაცვის. ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჩართული პოლიტიკაში, ჩართვაში რას ვგულისხმობ? იგივე არჩევნებს. არჩევნები ეს არის პიროვნების პოლიტიკაში მონაწილეობის აქტი. საერთოდ, დემოკრატია ამაზეა გათვლილი - მონაწილეობაზე. ყველას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძობა ამ ქვეყნის მიმართ“, - მიაჩნია ფილოსოფოსს და პოლიტოლოგს ტარიელ დათიაშვილს.
თუმცა, საქართველოში პასუხიმგებლობის გრძნობას ნიჰილიზმი ჭარბობს. ნიჰილიზმს ამაგრებს ეჭვი, რომლის თანახმად, ამომრჩეველთა ხმები დაუცველია. თუმცა, ხმების დაცულობასაც ამაგრებს რაღაც ბერკეტი. მაგალითად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვა. პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩველთა სიების მონიტორინგში მონაწილეობის უფლება კანონში 2009 წელს შეტანილი ცვლილების საფუძველზე მიეცათ. ამასთან, ერთად საერთაშორისო დამკვირვებელთა განსაკუთრებით დიდი ოდენობა დაესწრება 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. მარტო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიუროდან (OSCE/ODIHR) 400 დამკვირვებელი იქნება წარმოდგენილი. როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ევროპული ინსტიტუტებიდან ნაკლებად მიეგება ხოლმე ასეთი პატივი და ასეთი ინტერესი. რიგ ექსპერტთა აზრით, დასავლეთის ასეთი ინტერესი საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების მიმართ არსებობს იმიტომ, რომ „უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ამ არჩევნებს. არა იმიტომ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობაა უმნიშვნელოვანესი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, არამედ - ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის. როცა ძალაუფლება არის ერთი ჯგუფის ხელში, არჩევნების შედეგად შეიძლება ეს ძალაუფლება უმტკივნეულოდ გადანაწილდეს. მე იმ პოზიციაზე ვდგავარ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი იქნება ქვეყნის სათავეში. ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც უზურპატორის როლში გვევლინება, იქნება საშიში. ამდენად, ძალთა დაბალანსებისთვის იდეალური არის ადგილობრივი არჩევნები,“ - ამბობს რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კვლევების ხელმძღვანელი..
იგივეს აღნიშნავს ია ანთაძეც: „მნიშვნელოვანია სახელისუფლო პარტიის გვერდით ოპოზიციური მმართველობის კუნძულის გაჩენა. რაც საფუძვლად უნდა დაედოს პოლიტიკური პროცესის განვითარებას ევოლუციურად და რამაც თავიდან უნდა აგვაცილოს მორიგი რევოლუცია.“
აქამდე ყველა არჩევნები პიროვნებებსა და პარტიებზე აქცენტებით მიმდინარეობდა, ანუ მთავარი იყო არა არჩევნების სამართლიანად ჩატარება, არამედ - საჭირო ძალის გამარჯვება. არჩევნების გაყალბება რაღაც უფრო „დიად“ იდეას ემსახურებოდა, რომ საჭირო ძალის (ან პერსონის) მოსვლით ქვეყანაში შენარჩუნებულიყო მნიშვნელოვანი იდეალები. ამ ნიშნით მიდიოდა ყველა არჩევნები. დიდი ალბათობაა, რომ ახლაც იგივე განმეორდეს, სამართლიანობაზე წინ პოლიტიკური ძალა დადგეს. არადა, „გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ყველა ის უბედურება, რაც მოხდა საქართველოში, სწორედ პოლიტიკური ძალების არასწორი დალაგებით მოხდა და ეს კეთდებოდა ყოველთვის არჩევნების საშუალებით. პოლიტიკური ძალა რისი გამომხატველია? გამომხატველია გარკვეული ჯგუფის ინტერესების და შეხედულებების. ამ ხალხს თავისი მოთხოვნების რეალიზაციისთვს ჭირდება თავისი პოლიტიკური ძალა. შეკვეთა ქვემოდან უნდა მოდიოდეს, ჩვენთან პირიქით - ზემოდან მოდის. საერთოდ, სწორი სოციალური კვლევა არის საფუძველთა საფუძველი. როგორ შეიძლება აშენებდე დემოკრატიას და მხოლოდ არჩევნების წინ გამოიძახო ვიღაც, რომ ჩაატაროს სოციალური კვლევა?! ეს მუდმივად უნდა ხდებოდეს, სოციოლოგიური კვლევები უნდა ედოს წინ ხელისუფლებას, რომ გაარკვიოს პრიორიტეტები. როცა ხალხს არ უსმენ, მაშინ პოლიტიკურ ძალებს ვერ ალაგებ სწორად, არ აძლევ იმ ხალხს იმის საშუალებას, თავისი ინტერესები გაატაროს საზოგადოებაში და თავისი კორექტივი შეიტანოს. ეს იწვევს მერე იმ არეულობებს, კრიზისებს, იშლებიან, ერთიანდებიან. ეს დაბნეულობა არის იმ არასწორი, საშინელი არჩევნების გამოყენებით და გაყალბებებით გამოწვეული. კიდევ თუ გააყალბებ, იგივე არეულობას მიიღებ“, - ამბობს ტარიელ დათიაშვილი.
თუკი ხელისუფლება აცხადებს, რომ დემოკრატიას აშენებს, ამაზე ადრე თუ გვიან პასუხს მოთხოვენ (მაგალითად, დასავლეთი): საქმეს - ლაპარაკის ნაცვლად, ნაკლებ მოდელირებას და მეტ რეალობასა და მრავალფეროვნებას.
„ჩემი მრწამსით ვარ დემოკრატი, დასავლური ორიენტაციის მომხრე, არ ვიზიარებ ბევრი პოლიტიკური ჯგუფის შეხედულებას, მაგრამ სისტემას ჭირდება ეს მრავალფეროვნება, პოლიტიკურ სპექტრთა სიმრავლე. რაც შეიძლება მრავალფეროვანი და ქაოტური უნდა იყოს. ქაოსი დაპირისპირებას კი არ გულისხმობს, არამედ დემოკრატიაში ქაოსი იწვევს ჰარმონიას. ცენტრალიზმის წესი ასეთია - იგი მუშაობს ქაოსის წესრიგად გარდასაქმნელად, როცა ყველაფერი დალაგებულია, ჩამოყალიბებული და განსაზღვრული, მაშინ იწყება გახლეჩა. გახლეჩას ჯობია თავიდანვე დააფიქსირო მრავალფეროვნება, ამ წინააღმდეგობებში ეძიო წესრიგის შესაძლებლობა. დემოკრატიის ბუნებაა ქაოსთან შეგუება. ესეც ბრძოლაა - ისეთი რამ უნდა მიიღო, რისი მიღებაც არ შეგიძლია. ეს საკუთარ თავთან სერიოზულ ბრძოლას მოითხოვს“, - მიაჩნია ტარიელ დათიაშვილს.
დემოკრატია ყველასგან ითხოვს ამ ბრძოლაში ჩართულობას. ბრძოლის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს სწორედ არჩევნები.
თუკი ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მამას ადლერს დავუჯერებთ, ძალაუფლება ამოძრავებს ადამიანს. დემოკრატია კი სწორედ ძალაუფლებაა. ძალაუფლება და პასუხისმგებლობა. ალბათ, ამის შეგრძნებამ უნდა დაძლიოს ნიჰილიზმი და მიიყვანოს ამომრჩეველი საარჩევნო უბნებში.
„ყველას აქვს უფლება ჩაერთოს პოლიტიკაში, იბრძოლოს ძალაუფლებისთვის, ზოგადად, ეს ზრდის პიროვნული პასუხიმგებლობის გრძნობას. ეფექტური ხდება იმის განცდა, რომ ეს ხელისუფლების, სააკაშვილის და შევარდნაძის ქვეყანა კი არ არის, არამედ მე ვარ მონაწილე ამ ქვეყნის შენებისა და ნგრევისა. ამ განცდის გამჩენია, ამ განცდას აძლიერებს ჩემი რეალური მონაწილეობა ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად ყველასთვის, მოცული უნდა ჰქონდეს საზოგადოების ყველა ფენა“, - აღნიშნავს ტარიელ დათიაშვილი.
რეალობა სხვა სურათს აჩენს, თუმცა სურათი შეიძლება შეიცვალოს, თანაც არა „Photoshop“-ის პროგრამის გამოყენებით ან სხვა ხელოვნური საშუალებებით, არამედ ბუნებრივად - ევოლუციის გზით.
ეკა კუხალაშვილი
Posted in: არჩევნების მნიშვნელობა | 0 Comments | Email This
Subscribe to:
Post Comments (RSS)
0 Responses to "არჩევანი ევოლუციასა და რევოლუციას შორის"
Post a Comment